პირდაპირ ასრულებენ რუსეთის დავალებას, უნდათ, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის ვალდებულება, “გარეჯი საქართველოას” ნაცვლად ახალ ლოზუნგს შემოგვთავაზებენ: “რუსეთი აფხაზეთს გვიბრუნებს”! ოღონდ, ამისთვის, თურმე კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო, – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას.
მისივე თქმით, ახალ სატყუარას შემოაგდებენ “ერთობლივი სახელმწიფოს” ან კონფედარციული მოწყობის იდეის სახით, რის უკანაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების რუსული გეგმა იმალება.
“წინათ 100 ქარხნის აშენებას და ევროპის გაკვირვებას ჰპირდებოდნენ ხალხს, ახლა ოპოზიციის განადგურებას და რუსეთის სასიამოვნოდ გაკვირვებას ჰპირდებიან. ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა ამ ანტიეროვნულმა რეჟიმმა.
ფრანც კაფკას “მეტამორფოზის” ამბავს გვაგონებს “ოცნების” ისტორია, კაცი ერთ მშვენიერ დღეს საწოლში რომ გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ ამაზრზენ მწერად გარდაქმნილიყო.
მსგავსი საზიზღარი არსება მივიღეთ 12 წლის თავზე, იმ განსხვავებით, რომ კაფკაში გარდასახვა ერთ ღამეში ხდება, “ოცნების” გადაგვარება კი ყოველდღიურად ხდებოდა ჩვენს თვალწინ.
სიმახინჯის კულმინაციას გუშინ მიაღწია, როცა არჩევნების მთავარ მიზნად კონსტიტუციის შეცვლა გამოაცხადა. მინიშნებაც გააკეთა – ეს აფხაზეთის სტატუსსაც ეხება და კიდევ სხვა რამეებსო. პირდაპირ ასრულებენ რუსეთის დავალებას, უნდათ, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის ვალდებულება. რაც შეეხება აფხაზეთს, “გარეჯი საქართველოას” ნაცვლად ახალ ლოზუნგს შემოგვთავაზებენ: “რუსეთი აფხაზეთს გვიბრუნებს”! ოღონდ, ამისთვის, თურმე კონსტიტუციის შეცვლაა საჭირო. ახალ სატყუარას შემოაგდებენ “ერთობლივი სახელმწიფოს” ან კონფედარციული მოწყობის იდეის სახით, რის უკანაც აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების რუსული გეგმა იმალება.
“ოცნების” გუშინდელი განცხადება არის საარჩევნო პროგრამის მთავარი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის ღალატის გეგმა შეიძლება ვუწოდოთ.
ოქტომბრის არჩევნებში ამ ღალატის თავიდან აცილების შანსი გვეძლევა”, – წერს გოცირიძე.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ესაჭიროება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერავინ შეუქმნას დაბრკოლება”.