პარლამენტში “საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის” განხილვა გრძელდება.
მომავალი წლის ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პირველად პროექტთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს დღეს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის -„ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლები შეხვდნენ.
მინისტრის მოადგილემ ფრაქციის წარმომადგენლებს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. გააცნო მაკროეკონომიკური და ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები. გიორგი კაკაურიძემ მხარჯავი უწყებებისთვის გამოყოფილ თანხების მოცულობებზე და ასევე, იმ პროგრამებსა თუ პროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც აღნიშნული თანხების განკარგვა იგეგმება.
“ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს როგორც მთავრობის შიგნით ასევე, საპარლამენტო კომიტეტებთან. მოვისმენთ თქვენ წინადადებებს. რაც არ შეიცვლება ეს არის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. დანარჩენი შიდა გადანაწილებები, შესაბამისი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს. ასევე თუ დამატებითი რესურსის მობილიზების საშუალება იქნა, ეს რესურსიც მიმართული იქნება იმ საჭიროებებისკენ, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
“ბიუჯეტი არის მაკროეკონომიკურად გაუმართავი. ბიუჯეტის ზრდას ხელისუფლება იყენებს პროპაგანდისტულად და მანიპულაციურად. 2019 წელთან შედარებით ბიუჯეტი იზრდება 8 მლრდ. ლარით, მაგრამ ინფლაციის და რეალური მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ბიუჯეტი 4 წელიწადში მხოლოდ 10,9%-ით იზრდება. ამ ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა ინფლაციამ შეჭამა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის -„ძალა ერთობაშია“ წევრმა რომან გოცირიძემ.