დავუბრუნდით ტრადიციულ სადარდებელს, რამდენით გაუფასურდება ლარი, ეს არის არაკომპეტენტური ქმედებების შედეგი, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ლარის კურსის გამყარების დროს დოლარი შეიძინა და მიმოქცევაში ლარის დიდი რაოდენობა გაუშვა.
“ეროვნულმა ბანკმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, როდესაც ლარი მყარდებოდა. ვერ გაუძლო ცდუნებას, დახარბდა და და რეზერვების შევსების მიზნით ივლისში იყიდა 110 მილიონი დოლარი, შემდეგ აგვისტოში 70 მილიონი დოლარი, რითაც 500 მილიონი ლარი გაუშვა მიმოქცევაში, რამაც მომენტალურად იმოქმედა ლარის გაცვლით კურსზე და ასევე ხელი შეუწყო ფასების ზრდას.
როდესაც ეროვნული ბანკის მთავარი მიზანი არის ლარის სტაბილურობა, ამ დროს 500 მილიონით რომ ზრდი ფულის მასას, პრიორიტეტად იღებ რეზერვების მატებას და არა ინფლაციის კლებას, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს არა კანონით განსაზღრული მიზნების განსახორციელებად, არამედ, არასწორად დასახული პრიორიტიტის მისაღწევად“, – განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის თქმით, ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში უკვე გაყიდა 40 მილიონი დოლარი.
“აგვისტოში ნაყიდი 70 მილიონი დოლარიდან 40 უკვე გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, ეს არის დოლარი ვიყიდე დოლარი გავყიდე, ანუ, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე. ამ ყიდვა-გაყიდვაში ტრადიციულ სადარდელს დავუბრუნდით – ეს არის რამდენით გაუფასურდება ლარი. ეს არის არაკომპეტენტური ქმედებები შედეგი, როდესაც რამდენიმე ადამიანის სუბიექტური გადაწყვეტილება აზარალებს ათეულ ათასობით სამეურნეო სუბიექტს და მოქალაქეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ზაფხულში დაწყებული გამყარების პროცესის შემდეგ, ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ აგვისტოს ბოლოს სწრაფი ტემპით გაუფასურება დაიწყო.