ეროვნული ბანკი ეწევა ფარულ ინტერვენციებს. მხოლოდ სექტემბრის თვეში, ჩვენი დაკვირვებით, ამ ფაქტმა ას მილიონ დოლარზე მეტი რეზერვები შეიწირა, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ხელისუფლება მთლიანად გაშიშვლდა, ზურგი აქცია დასავლეთს და რუსეთის მოკავშირე გახდა.
“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რიტორიკამ და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებმა მედიაში თუ მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან, სანქციებმა, კობახიძის გამოძევებამ ამერიკის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებული წვეულებიდან, ლარის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია შექმნა. ამის თავიდან ასაცილებლად ეროვნული ბანკი ეწევა ფარულ ინტერვენციებს. მხოლოდ სექტემბრის თვეში, ჩვენი დაკვირვებით, ამ ფაქტმა ას მილიონ დოლარზე მეტი რეზერვები შეიწირა. საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ ე. წ. ბიმატჩ პლატფორმამ, რომლითაც ხდებოდა მცირე რაოდენობის ვალუტით ვაჭრობა, მთლიანად ჩაანაცვლა გამჭვირვალე პროცედურა, საჯარო ინტრვენციები, რომლის შედეგი იმ დღესვე ხდება ცნობილი.
მიუხედავ იმისა, რომ “ბიმატჩის” ინტერვენციების შედეგებს მხოლოდ მომდევნო თვის 25 რიცხვში აქვეყნებს ეროვნული ბანკი, ლარის კურსის მოძრაობის ტრაექტორიის, სხვადასხვა მაჩვენებლის ანალიზის, ასევე კომერციული ბანკებიდან გამოჟონილი ინფორმაციის შეჯერების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეროვნული ბანკი ეწევა მსხვილ, ზოგიერთ დღეებში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინტერვენციებს. ჩემი ვარაუდით მან სექტემბერში ას მილიონ დოლარს მიაღწია ან სულაც გადააჭარბა. ამის სისწორეში 25 ოქტომბერს დავრწმუნდებით.
ეროვნული ბანკის მიზანია წინასაარჩევნოდ არ დაუშვას ლარის მკვეთრი გაუფასურება თუნდაც რეზერვების კრიტიკულ დონემდე შემცირების ფასად, ხოლო არჩევნების შემდეგ თვითდინებაზე მიუშვას იგი. ასე ხდებოდა ყოველთვის, რაც კი “ოცნების” მმართველობის დროს არჩევნები ჩატარებულა. დღეს ეს ვითარება უფრო მძიმეა, რადგან ხელისუფლება მთლიანად გაშიშვლდა, ზურგი აქცია დასავლეთს და რუსეთის მოკავშირე გახდა. ამ და სხვა პოლიტიკური მანიპულაციების გამო (მაგ. რუსეთის აგენტის, აწ უკვე რომანოვის, იგივე ყოფილი ფარცხალაძის სახელობის დადგენილების გამოცემა) ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობაც ვერ აიცილებს სასჯელს. მათ როლს ქვეყნის ღალატის ხელშეწყობაში დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო განსჯის”, – წერს გოცირიძე.