ერთ დროს შეიძლება, რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაუქმდეს, მაგრამ მაგნიტსკის სიიდან ვერასდროს ამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო დასანქცირდნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების პოლიტიკა ეკონომიკაზეც აისახება.
“ძალიან სერიოზულია ეს პროცესები, ვინაიდან სანქციების ეს ტალღა არ ჩერდება. ერთ დროს შეიძლება, რუსეთთან დაკავშირებული სანქციები გაუქმდეს, მაგრამ მაგნიტსკის სიიდან ვერასდროს ამოვლენ ის ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო დასანქცირდნენ. ორბანიც კი ვერ გამოესარჩლა მათ, ეს მთელი ევროკავშირის შეთანხმებული პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლება განუდგა ევროკავშირის გზას, ქვეყანაში არჩევნები გაყალბდა და ავტორიტარული რეჟიმი მყარდება.
ის, ვინც საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს, ეს არის ევროპისთვის მიუღებელი და ხელჩამოურთმეველი. მაღალი თანამდებობის პირებს არავინ არ გაიკარებს, არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. გრძელდება სრული პოლიტიკური იზოლაცია, რა თქმა უნდა, ეს თანდათან გადაიზარდა ეკონომიკურ იზოლაციაშიც და ყველა დახმარება, რასაც კი ქვეყანა სამომავლოდ მიიღებდა, დღეს გაჩერებული ან გაუქმებულია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.