ეს არის დანაშაულებრივი პროგრამა, ქვეყნის ღალატის პროგრამა, ეს არის რუსეთში დაბრუნების პროგრამა, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადრე თუ ქარხნების აშენებას ჰპირდებოდა ივანიშვილი ხალხს, ახლა ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება.
“ეს არის დანაშაულებრივი პროგრამა, ქვეყნის ღალატის პროგრამა, ეს არის რუსეთში დაბრუნების პროგრამა, რასაც ჩვენ ახლა ვისმენთ.
წინათ თუ 100 ქარხნის მშენებლობის ლოზუნგით მოდიოდნენ, დღეს მთელი ოპოზიციის განადგურების ლოზუნგს სთავაზობენ მოქალაქეებს წინასაარჩევნოდ. არც სიკეთეს, არც ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ სთავაზობენ ოპოზიციის განადგურებას და ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს უნდა ხალხს. ძალიან კარგად იცის, თავიანთი კვლევებითაც, რომ ეს არ უნდა ხალხს, ეს უნდა რუსეთს და ამიტომ, ამ მიმართვების უდიდესი ნაწილი იყო რუსეთის და პუტინის გასაგონად მიმართული, რომ თქვენიანი ვარ და მოდი, არჩევნებში დამეხმარეთო – ეს იყო მთავარი გზავნილი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ გამოსვლაზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა “ქართულ ოცნებას” “ნაციონალური მოძრაობის” გასასამართლებლად სჭირდება.