ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა. ამას შეიძლება უწოდო გამოცხადებული ღალატის პროგრამა. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს განცხადება პირდაპირ არის თავდასხმა როგორც დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე.
“დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება არის “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა. ამას შეიძლება უწოდო გამოცხადებული ღალატის პროგრამა. პირდაპირ არის თავდასხმა როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებზე, ასევე ზოგადად ოპოზიციაზე, რომელიც თურმე, ამერიკისა და ევროკავშირის მიერ იმართება. ასეთი ტექსტით დღეს ლუკაშენკოც კი არ ლაპარაკობს. თანაც ოპოზიციის გასანადგურებლად და შემდეგ მათი მიზნების მისაღწევად საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების სახით მათ სჭირდებათ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ყველა დეტალი, თუ რისთვის სჭირდება “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა, ასევე შეიძლება ქვეყნის ღალატად დახასიათდეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიციირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”.