სად ჩაურიცხავენ “ხარებას” და მის მოადგილეს ხელფასს? ივანიშვილი “ქართუ ბანკს“ არ გაწირავს, არა მგონია, რომ რუხაძეც დათანხმდეს “ლიბერთი ბანკი“ სანქციების ქვეშ დააყენოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პირების დასანქცირების ფაქტი უპრეცედენტოა იმის გამოც, რომ ხელისუფლებისთვის ეს დიდი თავსატეხია.
“სანქციები, რომელიც აშშ-მ დაუწესა საქართველოს 4 მოქალაქეს, ძალოვანი სტრუქტურის ორ მაღალჩინოსანს და რუსეთის აგენტურის ორ წარმომადგენელს, ე.წ. “ალტ-ინფოს” დამფუძნებლებს, არის თავისი შინაარსით უპრეცედენტო. ეს არის გაცილებით მძიმე სანქცია, ვიდრე ის, რომელიც დაწესებული იქნა ფარცხალაძის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ბოლომდე, სამუდამოდ, ეს ხალხი იქნებიან დამღა დასმული და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო შეწყვეტს მათთან ურთიერთობას, როგორც ფინანსურად, ასევე პერსონალურად. ეს სანქცია, რომელიც 4 პირს დაუწესდა, არის ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქცია, რომელიც ითვალისწინებს ფინანსურ სანქციებს. გარდა ამისა, მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა, ვინაიდან ეს ადამიანები მოხვდნენ გლობალური “მაგნიტსკის სიაში“.
როგორ მოიქცევა ეროვნული ბანკი? მიუთითებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს საერთაშორისო ფინანსური სანქციები, თუ დაავალებს კომერციულ ბანკებს, რომ აღსრულდეს თავისი განკარგულება? უმძიმეს მდგომარეობაში არიან დღეს ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. მარჯვნივ წახვალ მგელი შეგჭამს, მარცხნივ წახვალ და მგლისფერი ძაღლი. უპრეცედენტო არის იმიტომაც, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არის ძალიან დიდი თავსატეხი და გამოწვევა. განსაკუთრებით იმის გამო, რომ 2 მაღალჩინოსანი ხელფასს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს ფული მათ ერიცხებათ “თიბისი ბანკში“. “თიბისი ბანკი“ იძულებული გახდება, რომ შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ამ პოლიციელებთან. სად ჩარიცხავს ხელფასს შინაგან საქმეთა სამინისტრო? „ქართუ ბანკში“? ნურას უკაცრავად, ივანიშვილი ძალიან ეშმაკია. საკუთარ ბანკს არ გაწირავს სანქციებისათვის. გადაურიცხავენ რუხაძის „ლიბერთი ბანკში“? არა მგონია, რომ რუხაძე, რომელიც “ქართული ოცნების” მარიონეტია, დათანხმდეს საკუთარი ბანკის რისკის ქვეშ დაყენებას“, – განაცხადა გოცირიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქეს და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. სანქციები შეეხოთ მათ შორის პარლამენტის წევრებს და ბიზნესმენებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, “ალტ-ინფოს” ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.