spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რომან გოცირიძე – გარდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნებაც, ცუდ მთავრობაზე ხალხიც აგებს პასუხს

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომ დაელაპარაკება ამერიკელებს ლუგარის ლაბორატორიის ან ჯარის დაფინანსების თაობაზე, არ არის სწორი, სანქციები სელექტიურ მიდგომას ძნელად ექვემდებარება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს.

“რუსი ოპოზიციონერების ტყვეობიდან დახსნის შემდეგ მათ მიერ გაკეთებული პირველი განცხადებები მკვეთრი კრიტიკის საგანი გახდა დასავლეთში. მათი მიდგომა არის შემდეგი: რუსი ხალხი არ უნდა დაისაჯოს რუსეთის ხელისუფლების გამო, სანქციები არ უნდა შეეხოს “ჩვეულებრივ რუსებს”.

ეს ძალიან ჰგავს “ქართული ოცნების” განცხადებებს (ნაწილობრივ იგივე გაიმეორა გუშინ პრეზიდენტმა) – რა დააშავეს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებმა, რა დააშავა ჯარმა, რა დააშავეს “ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა”, რომლებიც ვერ მიიღებენ ამერიკულ და ევროპულ დახმარებებს? უფრო მეტიც, შეიძლება ბიზნესს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შეუჩერდეს და მოქალაქეებს კვლავ მრავალსაათიან ვიზების რიგებში დგომა მოუწიოს. რა დააშავეს მათ?

ერთ შეხედვით მართლაც ძნელია გამიჯნო “კარგი მოქალაქე” და “ცუდი ხელისუფლება”, მაგრამ საერთაშორისო სანქციები სწორედაც რომ არადემოკრატიული და დიქტატორული რეჟიმების მოსათოკად წესდება. რომ არა მსგავსი ქმედებები, ამ რეჟიმების ბოროტებები კიდევ უფრო მასშტაბური იქნებოდა – ირანს და ჩრდილოეთ კორეას დღეს ატომური ბომბები ექნებოდა, რუსეთს კი მეტი რაკეტებისა და ტანკების წარმოების შესაძლებლობა უდანაშაულო უკრაინელი ადამიანების მოსაკლავად.

ცუდი ხელისუფლების გამო ნებსით თუ უნებლიედ ისჯება ხალხიც. ამ ხალხის ხელშია საკუთარი ბედიც. როცა იცი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეიძლება დაზიანდე, მაშინ ეს ხელისუფლება უნდა შეცვალო.

თუ რუსეთთან ან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით მსგავსი მსჯელობა წარმოუდგენელ სირთულეებთან არის დაკავშირებული და შეიძლება თავისუფლების ან სიცოცხლის დაკარგვის ფასად დაგიჯდეს, საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეს დიდ რისკებთან სულაც არაა დაკავშირებული. საკმარისია მიხვიდე არჩევნებზე და მიიღო სწორი გადაწყვეტილება.

პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება, რომ დაელაპარაკება ამერიკელებს ლუგარის ლაბორატორიის ან ჯარის დაფინანსების თაობაზე, არ არის სწორი. სანქციები სელექტიურ მიდგომას ძნელად ექვემდებარება. რა დააშავეს მაშინ მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, ფერმერებმა, მძიმე სენით დაავადებულებმა და ათეულ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ, რომლებსაც მკვეთრად შეუმცირდებათ ან საერთოდ შეუწყდებათ მეგობარი ქვეყნების დახმარება? მათაც ხომ არაფერი დაუშავებიათ? მთავრობამ დააშავა, რომელიც სამწუხაროდ, მათივე არჩეულია.

გარდა ინდივიდუალური პასუხისმგებლობისა, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობის ცნებაც. ცუდ მთავრობაზე ხალხიც აგებს პასუხს”, – წერს გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები