ზოგიერთი დასახელების დასავლური წარმოების წამლები საერთოდ გაქრა აფთიაქებიდან, რადგან მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ფასებით მათი შემოტანა წაგებიანი გახდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძემ ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იანვარში, გარდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატებისა, 34 მილიონი დოლარის ღირებულების ქანდაკებებიც შემოიტანა საქართველოში.
“2021 წელს საქართველოში თურქეთიდან 46 მილიონი დოლარის ღირებულების წამლები შემოვიდა, 2024 წელს კი 169 მილიონი დოლარის ოდენობის. ეს, კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგია. კარგი ის არის ამაში, რომ მედიკამენტები გაიაფდა, ცუდი კი ის არის, რომ ნელ-ნელა განიდევნა ბაზრიდან ხარისხიანი და სანდო ევროპული და ამერიკული წამლები. ზოგიერთი დასახელების დასავლური წარმოების წამლები საერთოდ გაქრა აფთიაქებიდან, რადგან მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ფასებით მათი შემოტანა წაგებიანი გახდა.
იანვარში, გარდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატებისა, 34 მილიონი დოლარის ღირებულების ქანდაკებებიც შემოუტანია ივანიშვილს საქართველოში დაუბეგრავად. იმდენი ფული მიითვისა ბიუჯეტიდან, რომ კი აქვს ხალხს უფლება, მოსთხოვოს უფასო გამოფენის მოწყობა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.