spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – რაც გაფუჭდა, ამის გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება, თუ საერთოდ მოხერხდა ეს

ალბათ, კონგრესის შუალედურ არჩევნებში  რესპუბლიკელები დაკარგავენ უმრავლესობას, რაც ტრამპის ადმინისტრაციაზე კონტროლისათვის იქნება დადებითი რამ,  – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებას დიდი პოლიტიკური გავლენა ექნება მსოფლიოში და თავად ამერიკაშიც.

“ცნობილი გახდა, თუ რა პრინციპით დაუწესა ამერიკამ საბაჟო გადასახადი ამა თუ იმ ქვეყანას. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ აბსურდული მექანიზმია  გამოყენებული.

თავდაპირველად გვეგონა და ასეც იყო შეფუთული პროპაგანდისტულად, რომ ვისაც ამერიკისთვის მაღალი ტარიფები აქვს დაწესებული, ამერიკა მათაც მაღალ ტარიფებს უწესებსო, თანაც ჰუმანურად ვიქცევით და მხოლოდ მის ნახევარს ვაწესებთო. სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა.

ერთ მაგალითს მოვიყვან და ყველაფერი ნათელი გახდება. მაგალითად, ისრაელმა ახლახან გაანულა ტარიფები ამერიკულ იმპორტზე, შესაბამისად, ამერიკასაც ყველაზე  დაბალი ტარიფი უნდა დაეწესებინა ისრაელისთვის ( მაგ. 10 პროცენტი, როგორც ზოგიერთი ქვეყნისათვის, როგორც საბაზისო). სინამდვილეში, ისრაელს დაუწესდა 17 პროცენტიანი ტარიფი. რაში ყოფილა საქმე? იმაში, რომ ამერიკას აქვს სავაჭრო დეფიციტი ისრაელთან, ანუ შემოაქვს ამ ქვეყნიდან უფრო მეტი საქონელი, ვიდრე გააქვს.

ტარიფის დაწესების პრინციპი ყოფილა სავაჭრო დეფიციტის ზომა. მაგ. თუ ჩინეთი უფრო მეტ პროდუქციას ყიდის ამერიკაში, ვიდრე ამერიკა ჩინეთში, სულაც ერთნაირი ტარიფები რომ ჰქონდეთ, მაინც მაღალი ტარიფი უწესდება ჩინეთს ამ წესით.

სავაჭრო დეფიციტი არაა დამოკიდებული მხოლოდ ტარიფებზე. თუ ჩინეთი ამერიკაში ყიდის პირბადეებს (პანდემიისას გაირკვა) ან ტუალეტის ქაღალდს, ამაში ტარიფი არაფერ შუაშია. ეს ამერიკის არჩევანია, არ აწარმოოს ტუალეტის ქაღალდი და გამოთავისუფლებული რესურსით აწარმოოს ის, რაც უკეთ შეუძლია და მეტ შემოსავალს მოუტანს (მაგ. კომპიუტერული პროგრამები ან მობილური ტელეფონები).

დღეს შავი დღე იდგა საფონდო ბაზრებზე. 2 ტრილიონი დოლარი დაკარგეს ინვესტორებმა (არა მხოლოდ მილიარდერებმა, არამედ ჩვეულებრივმა ადამიანებმაც). სხვათა შორის, მკვეთრად დაეცა იმ კომპანიების აქციათა ფასი, სადაც ჩვენი საპენსიო ფონდის დანაზოგებია განთავსებული. ჩვენს  მოქალაქეებს და კომპანიებსაც ბოლო წლებია, აქვთ წდომა ამერიკული კომპანიების აქციებზე. მათაც უზარმაზარი ზარალი განიცადეს ერთ დღეში.

შექმნილ ვითარებას დიდი პოლიტიკური გავლენა ექნება მსოფლიოში, თავად ამერიკაშიც.  ალბათ, კონგრესის შუალედურ არჩევნებში  რესპუბლიკელები დაკარგავენ უმრავლესობას, რაც ტრამპის ადმინისტრაციაზე კონტროლისათვის იქნება დადებითი რამ.

რაც გაფუჭდა, ამის გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება (თუ საერთოდ მოხერხდა ეს). უკვალოდ რომ არ ჩაივლის, ეს დღესავით ნათელია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები