სამხედრო ქალაქი გამიგია, მაგრამ პოლიციელთა ქალაქი არ გამიგია, ეს პოლიტიკური მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმაა – ამის შესახებ Front News-ს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიციელთა ქალაქის აშენების ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ამ ინიციატივის მთავარი მიზანი მაინც სამშენებლო კომპანიებისათვის მილიარდობით ლარის მობილიზებაა.
“სამხედრო ქალაქი გამიგია, მაგრამ პოლიციელთა ქალაქი არ გამიგია, ზოგადად, ეს საბჭოური წესი იყო დარგობრივი ნიშნით სახლების აშენება, ამავე დროს ეს არის პოლიტიკური მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა. მასწავლებლებს რატომ არ უშენებენ ბინებს, ან სხვა პროფესიის ადამიანებს?
პოლიციელებს აქვთ დამამცირებელი ხელფასები და სჯობს, რომ მათ ჰქონდეთ ისეთი ანაზღაურება, რომ თავად შეძლონ ოჯახის ბინით უზრუნველყოფა.
მთავარი მიზანი იმისა, რომ ყოველი მეორე მთავრობის ინიციატივა დაკავშირებულია მშენებლობასთან, მათ უნდათ, რომ მათმა კომპანიებმა ააშენონ, მთავარი შინაარსი არის ფულის შოვნა მათი ბიზნესებისთვის“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი თქმით, დახმარების სურვილის შემთხვევაში, მთავრობის მხრიდან შესაძლებელია უკვე აშენებული, მეორედი ბინების შეძენის შემთხვევაში სესხის სუბსიდირება, თუმცა ხელისუფლება ამჯობინებს მშენებლობების დაფინანსებას, რაც მათი კომპანიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდობით ლარის მიღების შესაძლებლობას იძლევა.