არალეგიტიმური მთავრობის არაბული ვიზიტი იაფფასიანი პროპაგანდაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ამ რუსულ ხელისუფლებას დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არ ჩაესვლება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელების შესახებ კობახიძის განცხადება არის ბლეფი.
“არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელების შესახებ კობახიძის განცხადება არის ბლეფი. ამ სიცრუეს ისიც ემატება, რომ ამოდენა ფულს თურმე მხოლოდ უძრავი ქონების ბიზნესში ჩადებენ.
საამიროების მიერ გასულ წელს მხოლოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, ისიც თითქმის 100%-ით იყო რეინვესტირება ანუ აქაური კომპანიების მიერ ფულის უკან ჩაბრუნება. გარედან არაფერი შემოსულა.
დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან დღემდე, დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ემირატების მიერ განხორციელებული იქნა 2,2 მილიარდი დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა წინა ხელისუფლების დროს დაწყებულ პროექტებზე მოდის ( “ბილტმორი”, “ შერატონ მეტეხი პალასი”, სავაჭრო მოლები “კარფურის” ქსელთან ერთად, “ტერაბანკი” და სხვა).
რას ნიშნავს 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია – ეს დაახლოებით იმდენივეა, რაც საქართველოს ეკონომიკის ყველა სფეროში ერთად აღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (აქედან ნახევარზე მეტი რეინვესტირება იყო).
საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული არალეგიტიმური მთავრობის არაბული ვიზიტი იაფფასიანი პროპაგანდაა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ამ რუსულ ხელისუფლებას დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არ ჩაესვლება.
არაბული ინვესტიციებიც შემოვა, როცა ესენი პოლიტიკურ მოუსავლეთში წავლენ. ამ რიცხვის მეათედიც რომ იყოს, ესეც უდიდესი მოვლენა იქნება, მაგრამ ეს მომავლის ამბავია”, – წერს გოცირიძე.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აბუ-დაბიში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას საქართველოში.