ახლა უნდა დაფიქრდეს, რა ურჩევნია, ფული თუ ძალაუფლება, ორივე ერთად უკვე არ გამოდის, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, საკმარისია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნესიმპერია ხუხულასავით ჩამოიშლება.
“მოკლედ რომ შევაჯამოთ ივანიშვილის სანქციები:
1. ოჯახს არ შეეხო, ვისზეც არის გადაფორმებული მთელი ქონება.
2. იურიდიულ პირებს არ შეეხო (პირველ რიგში ფონდ “ქართუს”, სადა არის თავმოყრილი მისი ქონების უდიდესი ნაწილი).
3. შეეხო ბიძინას, როგორც ფიზიკურ პირს (ან იმ კომპანიებს, სადაც ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს პირადად. ასეთი ალბათ არც არსებობს. ამაზე იზრუნა).
ყოველივე ამის შედეგად მიიღო უზარმაზარი რეპუტაციული ზიანი, მოიკვეთა ცივილიზებული სამყაროსგან და ფაქტობრივად ყურებით არის დაჭერილი.
საკმარისია ოჯახის წევრები დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნესიმპერია ხუხულასავით ჩამოიშლება. ეს დომინოს ეფექტით კოლოსალურ გავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესზეც, გამომდინარე მისი კავშირებიდან. სწორედ ამის გამო არ გაწირეს ბოლომდე. თუ საჭირო გახდა, ამასაც იზამენ.
ახლა უნდა დაფიქრდეს, რა ურჩევნია, ფული თუ ძალაუფლება. ორივე ერთად უკვე არ გამოდის”, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ამერიკის შეერთებული შტატებმა “ქართული ოცნების“ დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა.