სამივე განცხადება არის პოპულისტური, აქედან, ალბათ, ვერცერთი შესრულდება, ძალიან მართალი ყოფილა “ის ბრძენი კაცი” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაჟღერებულ ინიციატივების შესახებ Front News-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყოველი რიცხვი, რაც მან დაასახელა, ეკონომიკურ ენაზე არის აბსურდი.
“ყოველი რიცხვი, რაც მან დაასახელა, ეკონომიკურ ენაზე არის აბსურდი. 100 ათასი სამუშაო ადგილი რომ შეიქმნას, ამისათვის საჭიროა ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება, მაშინ როდესაც ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები მცირდება. სამუშაო ადგილებიც მცირდება, ბოლო 5 წელს სამუშაო ადგილები შემცირდა 66 ათასით. ანუ 66 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი, რომლის დიდი ნაწილი უმუშევარია. ნაწილი ამ ხალხის წავიდა უცხოეთში, 4 წელიწადში გავიდა 32 ათასი ადამიანი, ნაწილი პანდემიის გამო დაბრუნდა ქვეყანაში, მათგან გასული დარჩა 17 ათასი. უფრო დიდი ნაწილი კი დარჩა საქართველოში უმუშევრად. ასეთია რეალობა.
მან თქვა ასევე, რომ ჩვენი მშპ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს და იქნება 65 მილიარდი ლარიო – ეს იგივეა, რაც იყო 2012 წელს, არაფერი არ გაზრდილა მყარ ვალუტაში. თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასაც, მაშინ გაცილებით ნაკლებია.
სამივე განცხადება, რაც მან გააკეთა არის პოპულისტური, აქედან, ალბათ, ვერცერთი შესრულდება, ძალიან მართალი ყოფილა “ის ბრძენი კაცი”, რომელიც ამბობდა, რომ მას არც ფინანსები ესმის და არც იურიდიული საკითხები. ამაში ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.