დიდი ბრენდები საქართველოდან გადიან, რადგან ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
მისი ინფორმაციით, ამ დღეებში “ფერერომ” საკუთარი თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი გაყიდა.
“ფერერომ” საკუთარი თხილის პლანტაციების დიდი ნაწილი ამ დღეებში 18 მილიონ დოლარად გაყიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი საქართველოდან გასვლას აპირებს. ძალიან სამწუხარო ფაქტია. “ფერერო” გიგანტია თავის სფეროში, წელიწადში იმდენ ტკბილეულობას ყიდის (13 მილიარდი დოლარი), რამდენიც საქართველოს თითქმის ერთი წლის მთლიანი შიდა პროდუქტია. ამ მასშტაბის ბრენდები სულ ორიოდე იყო შემოსული საქართველოს ბაზარზე და ისინიც გადიან. (“სოსიეტე ჟენერალემაც” დაგვტოვა რამდენიმე წლის წინათ).
საქართველომ დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა და ტიპიურ პოსტსაბჭოთა ქვეყნად ჩამოყალიბდა. ასეთ ქვეყნებში უცხოური ინვესტიციები დიდი რისკის ფასად ხორციელდება და როგორც წესი, მათ აღიარებული ბრენდები არ ეკარებიან”- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.