spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – “სილქნეტმა” რუსული ოპოზიციური არხი გათიშა, ნუ გვაფიქრებინებთ, რომ “დოჟდის” გათიშვას პოლიტიკური მოტივები უდევს

“სილკნეტმა” ელემენტარული პატივისცემაც კი არ გამოამჟღავნა თავისი მომხმარებლების მიმართ და არც კი შეგვატყობინა არხის გათიშვის შესახებ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე “დოჟდის” გათიშვასთან დაკავშირებით წერს.

 

“სილკნეტმა” და “გლობალტივიმ (რომელიც იგივე “სილკნეტია”) რუსული ოპოზიციური არხი “დოჟდი” გათიშა.  

 

მაშინ, როცა ლატვიამ, საიდანაც ეს არხი მაუწყებლობს რუსეთიდან იძულებითი გადაბარგების შემდეგ, მხოლოდ ჯარიმა დაუწესა იმ შეცდომისათვის, რომელიც ეთერში მოუვიდათ, “სილკნეტმა” მომენტალურად შეაჩერა ტრანსლირება.  ჩნდება ეჭვები, ხომ არ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და ხომ არ გააკეთა ეს საქართველოს ხელისუფლების საამებლად? კარგად გვახსოვს, თუ როგორ არ უშვებდნენ “დოჟდის” ჟურნალისტებს საქართველოში, როცა რუსეთში მათ პატიმრობა ემუქრებოდათ ამ ქვეყანაში მიღებული რეპრესიული კანონების შემდეგ. ეს ტელეარხი კრიტიკული დამოკიდებულებით რომ გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, არც ეს არის საიდუმლო. 

 

სინამდვილეში რა მოხდა ამ ორი დღის წინ? პირდაპირ ეთერში ტელეწამყვანმა რუსეთის ჯარს “ჩვენი არმია” უწოდა. ამ გადაცემაში მან აღნიშნა, რომ ტელევიზიამ წამოიწყო პროექტი რუსი მობილიზებულების დასახმარებლად და რომ დაიწყო მათი მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერაქტიული კავშირის დამყარება. როგორც არხის ხელმძღვანელობამ განმარტა, ეს იყო ანტისაომარი, ანტისამობილიზაციო, ფაქტობრივად, ძირგამომთხრელი აქცია, შეფუთული რუსი ჯარისკაცებისადმი თანაგრძნობით. ვერ გათვალეს, რომ ეს  ტერორისტებისადმი თანაგრძნობას და მხარდაჭერასაც ნიშნავდა. ისიც ფაქტია, რომ ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული ნაბიჯები “დოჟდის” მიერ არ გადადგმულა. ტელეარხმა ამ ინციდენტის გამო ბოდიში მოიხადა და  რედაქტორი და წამყვანი გაანთავისუფლა. 

 

“დოჟდი” არის ერთადერთი რუსული ოპოზიციური არხი, აკეთებენ დიდ საქმეს და რუსეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, რუსულენოვან მოსახლეობას უყვებიან სიმართლეს. რუსეთის ახალი კანონების მიხედვით, ყველას, ვინც იქ არის დასაქმებული, ციხე ემუქრება. დევნილები ლატვიამ შეიფარა. მოუვიდათ შეცდომა, რის გამოც გულწრფელად ნანობენ. ამ შეცდომის გამო ხაზი უნდა გადავუსვათ იმას, რაც აქამდე უკეთებიათ? რასაც აკეთებენ? ადამიანურად რომ შევხედოთ, ეს ხალხი, მაღალი დონის პროფესიონალები,  რუსეთის მოქალაქეები, სანამ პუტინი ცოცხალია და პუტინისტური რეჟიმი იარსებებს, თავიანთ ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდებიან.

 

ჩაქოლვა ადვილია. 

 

ვის წისქვილზე ასხამს ყოველივე ეს? რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლების. საქართველოს ხელისუფლებაც გახარებული დარჩება, თუ “დოჟდს” დახურავენ. რუსულენოვან მედიაშიც ჩვეულებრივი კონკურენციაა და აქაც შეიძლება ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტად ანტიპუტინისტია. ბევრი კრიტიკული რუსულენოვანი ტელგრამარხი თუ იუთუბარხია და ზოგიერთი მათგანი თავს დაესხა “დოჟდს “რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეს” იმიჯის საჩვენებლად. 

 

საქართველოს საკაბელო არხებმა (თუ სხვაგანაც ხდება მსგავსი რამ), უნდა შეწყვიტონ თავისუფალი მედიის შევიწროება. “სილკნეტმა” ელემენტარული პატივისცემაც კი არ გამოამჟღავნა თავისი მომხმარებლების მიმართ და არც კი შეგვატყობინა არხის გათიშვის შესახებ. 

 

თავად ამ კომპანიის მიმართ პრეტენზიებიც გვქონია და პირადად ჩემგან შექებაც დაუმსახურებია, თუნდაც “ევრონიუს ჯორჯიას” მისამართით, განსაკუთრებით, კოვიპანდემიის სწორად გაშუქების გამო. ვიცით, რომ ამ ტელეარხის ადგილობრივი პარტნიორი სილკნეტია,  ისიც ვიცით, რომ ამ კომპანიების  დამფუძნებლებს საერთო ბიზნესი აქვთ ბიძინა ივანიშვილთან ერთად (მაგ. “აქსის თაუერსი”, ორი დიდი კოშკი ვაკეში). მიუხედავად ამისა,  ეს ფაქტი არასდროს ყოფილა იგივე “ევრონიუსის” საქმიანობის დადებითად შეფასებისგან თავის შეკავების საბაბი. ნუ გვაფიქრებინებთ, რომ “დოჟდის” გათიშვას პოლიტიკური მოტივები უდევს. 

 

“დოჟდს” ამ მძიმე დროს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ეს სწორი იქნება მორალურადაც და პოლიტიკურადაც. 

 

p.s. “სილკნეტის” ცხელ ხაზზმე პასუხობენ, რომ არხი გაითიშა სიგნალის მიუწოდებლობის გამო. მიდი და არკვიე, სიგნალი მართლა არ შემოსდით თუ სიგნალის რეტრანსლირებას არ ახდენენ. ამიტომაა საჭირო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი რეზონანსულია. 

 

ველოდებით ოფიციალურ განმარტებას”, – წერს რომან გოცირიძე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები