სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგად მოიქცა. თუ პარლამენტმა მოინდომა ამ ვეტოს დაძლევა, ეს იქნება პირდაპირი ღია გზავნილი ევროკავშირში, რომ არ უნდათ მათი რეკომენდაციების შესრულება, – ამის შესახებ Front News-თან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკოს შესახებ “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული კანონი რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
“სალომე ზურაბიშვილი ძალიან კარგად მოიქცა. ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის 9 რეკომენდაციას და ასევე ვენეციის კომისიის დასკვნას.
თუ პარლამენტმა მოინდომა ამ ვეტოს დაძლევა, რისთვისაც საკმარისი ხმები აქვს, ეს იქნება პირდაპირი ღია გზავნილი ევროკავშირში, რომ არ უნდათ მათი რეკომენდაციების შესრულება და ფაქტობრივად, მათთვის მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება და არა ქვეყნისათვის სასარგებლო კანონების მიღება, რაც რეალურად, გზას უხსნის ქვეყანას ევროკავშირისაკენ.
თუ ვეტო დაიძლევა, ამით საარჩევნო კანონმდებლობა ძალიან ფუჭდება. ოპოზიციის გარეშე ვერ დაამტკიცებენ ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ამ ცვლილებით, მარტივი უმრავლესობით “ქართული ოცნება” დაამტკიცებს პოლიტიკურად მართულ ადამიანს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ საარჩევნო ცვლილებების კანონს ვეტო დაადო. მმართველი გუნდი კი ვეტოს დაძლევისთვის ემზადება.