ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი, ნათია თურნავა და მთავრობის სხვა წევრები პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რაც ქვეყანას მიადგა.
“ამოწურვის გზაზე მდგარი ქვეყნის რეზერვები ამ დარტყმას ვერ გაუძლებს. ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გამო საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებით 386 მილიონი დოლარის გადახდა გვიწევს თურქული კომპანიისათვის, ნამახვანის მშენებლობის შეწყვეტის გამო. ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მილიარდ ლარს კარგავს.
როცა დღეს, საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქუჩა-ქუჩა არბევენ, ვიღაც ვარლამს, ალტინფოსა და სხვა პრორურუსულ დაჯგუფებებს, რესპუბლიკის მოედანზე კარვების ქალაქის განთავსების უფლება მისცეს მაშინ. გმირთა მოედანი ისე გადაკეტეს ამ მავნებლებმა, რომ მცდელობაც კი არ ჰქონია ხელისუფლებას რაიმე ეღონა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის სხვა წევრები პასუხს აგებენ იმ ზიანისათვის, რაც ქვეყანას მიადგა.
სულაც არაა გამორიცხული, რომ ვიღაცებმა ხელისუფლებაში ამ ფულიდან “ატკატიც” კი მიიღონ, რადგან ხელი შეუწყვეს თურქულ კომპანიას გაცილებით მეტი ფული მიეღო, ვიდრე ხარჯების სახით ჰქონდა გაწეული.
ნამახვანის, ნენსკრასა და ხუდონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მოვა დრო და გამოძიება დაინტერესდება. ხუდონის ინდოელ ინვესტორს ათეულ მილიონობით ლარი გაატანეს ბიუჯეტიდან და გაუშვეს ( აქაც “ატკატის” სუნი დგას), ხოლო ნენსკრას საკითხი წინ შეიძლება დაგვხვდეს (კორეელი ინვესტორი გააგდეს).
წინ უამრავი, მრავალმილიარდიანი სასამართლო დავებია, რაც ამ ხელისუფლების მიერ ინვესტორებისადმი დანაშაულებრივი დამოკიდებულებითაა განპირობებული, ქვეყანა გაკოტრების გზაზე დგას”, – წერს რომან გოცირიძე.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ნამახვანი ჰესის” პროექტი საპროტესტო აქციების გამო დაიბლოკა.
“ნამახვანი ჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით თურქულ კომპანიას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება ჰქონდა. პროექტი აბსოლუტურად გამართული იყო, თუმცა საპროტესტო აქციები გაიმართა და ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი უცხოური დაფინანსებით დაიბლოკა – ამის გამო ქვეყანას შეიძლება მრავალმილიონიანი ზიანის ანაზღაურება მოუწიოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.