spot_img
spot_imgspot_img
spot_img

რომან გოცირიძე – უკრაინა არ ეთანხმება იმ სქემას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გარიგების რეალიზება

რატომ ვერ ხერხდება დღემდე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ  შტატებს შორის  უკრაინის ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება –  უკრაინა არ ეთანხმება იმ სქემას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გარიგების რეალიზება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ მოთხოვნები ამერიკის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ უსამართლოა.

“რომ გავერკვეთ, თუ რატომ ვერ ხერხდება დღემდე უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ  შტატებს შორის  უკრაინის ბუნებრივი რესურსების გამოყენების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. უკრაინა არ ეთანხმება იმ სქემას, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ გარიგების რეალიზება.

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა უკრაინას სთავაზობს:

– შეიქმნას სპეციალური ფონდი 500 მილიარდი  დოლარის ოდენობით.

– ამ ფონდში ამერიკის მხარის  შენატანად უნდა ჩაითვალოს 250 მილიარდი  დოლარი, ხოლო უკრაინამ მისი მეორე ნახევარი ანუ თავისი წილი უნდა შეავსოს  ეტაპობრივად ბუნებრივი რესურსების მოპოვებით გამომუშავებული თანხებიდან.

– ფონდი იქნება ამერიკული მხარის მმართველობის ქვეშ.

ფაქტობრივად, ამ სქემით უკრაინამ უნდა დათმოს საკუთარი ბუნებრივი რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის ნახევარი ამერიკის მთავრობის სასარგებლოდ.

რაში არ ეთანხმება უკრაინა:

– მას მიაჩნია, რომ ამერიკის ხელისუფლების დახმარება არ იყო 350 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაზეც აპელირებს ამერიკის პრეზიდენტი, საიდანაც 250 მილიარდი დოლარი ფონდში ამერიკის წილად უნდა იქნეს აღიარებული. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, როგორც სამხედრო, ასევე საბიუჯეტო მხარდაჭერის მოცულობა არის დაახლოებით 90 მილიარდი დოლარი, რაც იყო გრანტი და არა რაიმე ფორმით სამომავლოდ დასაბრუნებელი თანხა. პენტაგონის განცხადებითაც, ამერიკის ხარჯები არ აღემატება 190 მილიარდ დოლარს. სხვაობა უკრაინულ და პენტაგონის მიერ დასახელებულ რიცხვებს შორის გამოწვეულია აღრიცხვის სპეციფიკურობით. ამერიკული  მხარე უკრაინისათვის გადაცემული სამხედრო იარაღის რეზერვების აღდგენის ხარჯებსაც განიხილავს მთლიანი ხარჯების ნაწილად.

– უკრაინამ უნდა აიღოს ვალდებულობა, რომ აღნიშნულ ფონდში შეიტანს არა მხოლოდ იშვიათი მინერალების მოპოვებით მიღებულ შემოსავლებს, არამედ სხვა სახის ბუნებრივი რესურსის (ნავთობი, გაზი, ქვანახშირი და ა. შ.) ექსპლუატაციით მიღებულ შემოსავლებსაც, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული უკრაინის ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენებით მიღებულ შემოსავლებსაც. უკრაინა წინააღმდეგია ბუნებრივია, მადნების გარდა სხვა კომპონენტების დამატებისა.

უკრაინა თანახმაა ხუთჯერ ნაკლები ოდენობის, 100 მილიარდი დოლარის მოცულობის ფონდის ფორმირებაზე.

დასავლეთში ბევრს მიაჩნია, რომ ამ სახის მოთხოვნები ამერიკის მთავრობის მხრიდან უკრაინის მიმართ, უსამართლოა და ომში დამარცხებული ზოგიერთი ქვეყნისათვის წაყენებულ რეპარაციაზე (გადასახადი, რომელსაც უხდიან გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) უფრო მძიმეც კი არის.

ვნახოთ, თუ რაზე შეთანხმდებიან საბოლოოდ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები