პუტინმა უკვე მიიღო, რაც უნდოდა, ის მომავლისთვის ემზადება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციის “პოლიტიკური არჩევანის” დამფუძნებელმა რომან კაკულიამ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ჩინეთთან ერთად სამომავლო გეგმებს ამზადებს.
“პუტინმა უკვე მიიღო, რაც უნდოდა, მას მთელი მსოფლიო ელოდება. აქ ჩინეთისა და რუსეთის სამომავლო გეგმები არის დასანახი, რომელიც შეიძლება გაცილებით შორს მიმავალია, ვიდრე შეიძლება დღეს ჩანდეს.
პუტინი მომავლისთვის ემზადება, ის დაარტყამს რუსეთში მის მიერ “მეხუთე კოლონად” მიჩნეულ ძალებს, ჩემი აზრით, მის ოპოზიციას შიგნით ძალიან მძიმე დღეები ელოდება”, – განაცხადა კაკულიამ.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენკიმ თავისი განცხადებით ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა.
რაც შეეხება პარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს, კაკულია აცხადებს, რომ მას ძალიან მოსწონს პროექტის თავშეკავებული ტონი, რადგან, როგორც აღნიშნავს, “მირჩევნია რაღაც დააკლდეს, ვიდრე რამე ზედმეტი იყოს”.
“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა.
“ბევრ ოპოზიციონერს რომ ვუყურებ საგარეო პოლიტიკის შეფასებებთან დაკავშირებით, მგონია, რომ საგარეო ხედვების განვითარებით არიან იმ დონეზე, როდესაც ბავშვს ჯერ კიდევ გონია, რომ თოვლის ბაბუას ჯერ კიდევ მოაქვს სათამაშოები. რომ კეთილი სამყაროდან მხოლოდ სიკეთეა მოსალოდნელი და ბოროტიდან ბოროტი. ისეთი რაღაცეები მესმის, საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობის უფლებას რატომ აძლევენ საკუთარ თავს, ცოტა გაუგებარია.
ელჩი გამოდიოდა დღეს და მოუწოდა, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, უნდა იყოსო ძალიან მკაფიო სიგნალი რუსებისთვისო და ჩამოთვალა ყველა ქვეყანა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ყველა ქვეყანათა შორის საქართველოს აქვს ასჯერ მეტად გასაზომი და ერთხელ გასაჭრელი”, – განაცხადა კაკულიამ “იმედის” ეთერში.