რუსეთმა კურსკის ოლქის 28 დასახლებაზე კონტროლი დაკარგა მას შემდეგ, რაც რეგიონში ბრძოლები დაიწყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა განაცხადა.
“ამჟამად რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. დღეს 28 დასახლება მოწინააღმდეგის კონტროლის ქვეშაა“, – განაცხადა სმირნოვმა.
მისი თქმით, კურსკის რეგიონის ტერიტორიაზე შეღწევის სიღრმე სავარაუდოდ, 12 კილომეტრია, ხოლო ფრონტის გასწვრივ სიგანე 40 კილომეტრი.
როგორც მან აღნიშნა, ამ 28 დასახლებაში მცხოვრები “2 ათასი ადამიანის ბედის შესახებ“ ინფორმაცია არ არსებობს.
კურსკის ოლქში ბრძოლები გასულ კვირას დაიწყო. რუსეთმა მალევე განაცხადა, რომ “უკრაინელი სამხედროები” შევიდნენ რეგიონში. უკრაინის ოფიციალური პირები საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე კომენტარს არ აკეთებენ.