უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთისთვის ავიაძრავების მიყიდვის საქმეზე კომპანია Motor Sich-ის პრეზიდენტი ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია საწარმოს საგარეო ეკონომიკური საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალი ედებათ სისხლის სამართლის ორი მუხლით – კოლაბორაციონიზმი და აგრესორი სახელმწიფოს ხელშეწყობა.
“დაკავება მოხდა სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია Motor Sich-ის მიერ რუსეთის ავიაციისთვის სამხედრო დანიშნულების საქონლის უკანონო მიწოდებასთან”, – აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
გამოძიების მასალების მიხედვით, გარიგებაში ჩართულია ზაპოროჟიეში მდებარე ქარხნის ხელმძღვანელობა. ოფიციალური პირები მოქმედებდნენ რუსული კორპორაციის Rostec-ის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
“დამნაშავეებმა ჩამოაყალიბეს ტრანსნაციონალური არხები უკრაინული თვითმფრინავების ძრავების აგრესორი ქვეყნისთვის საბითუმო რაოდენობით უკანონო მიწოდებისთვის. მიღებულ პროდუქციას ოკუპანტები იყენებდნენ მი-8-ის, კა-52-ის და მი-28ნ-ის წარმოებისა და შეკეთებისთვის.
რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით, სქემის ორგანიზატორებმა გამოიყენეს კონტროლირებადი კომერციული სტრუქტურები ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და აღმოსავლეთ აზიის სამ ქვეყანაში. სწორედ ამ კომპანიებმა გაუგზავნეს “შეკვეთა” უკრაინულ მწარმოებელს, სამხედრო პროდუქციის მიღების შემდეგ “შუამავლებმა“ ის რუსეთის ფედერაციას გადაუგზავნეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
83 წლის ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი – “უკრაინის გმირი”, უკრაინის უმდიდრესი ადამიანების სიაშია. ის სამჯერ იყო არჩეული რადაში ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“, 2014 წელს კი – დამოუკიდებელ კანდიდატად.