რუსეთს 9 მაისს მარიუპოლში “აღლუმის“ გამართვა სურს, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ ქალაქის „მერად“ გამოცხადებულმა კოლაბორანტმა კონსტანტინ ივაშენკომ „აღლუმის“ ჩასატარებლად მარიუპოლის ცენტრალური რაიონის ნანგრევებისა და ცხედრებისგან გაწმენდის დავალება გასცა.
“არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ოკუპანტები გეგმავენ, „სპეცოპერაციის“ წარმატების შემთხვევაში, 9 მაისის „გამარჯვების კარნავალი“ სწორედ მარიუპოლში ჩაატარონ. ქალაქში ამგვარი ღონისძიებების ჩასატარებლად არც ტექნიკაა და არც ხალხი“, – განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.
მარიუპოლი, სადაც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ათი ათასობით ადამიანია მოკლული და 100 ათასამდე ამ დრომდე ქალაქშია დარჩენილი, რუსეთის საჯარისო ნაწილებს უკვე რამდენიმე კვირაა, ალყაში ჰყავთ.