პოლონეთი რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ქვეყანაში შესვლას კრძალავს. აკრძალვა 17 სექტემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდება.
როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ განაცხადა, აკრძალვა ეხება როგორც რუსეთის, ასევე სხვა ქვეყნების მცხოვრებლებს, რომლებიც ფლობენ მანქანებს რუსული ნომრებით.
“პოლონეთში არც ერთი რუსული მანქანა არ შემოვა. ძვირფასო ბატონებო, ეს ეხება ყველა მანქანას, როგორც კომერციული მიზნებისთვის, ასევე კერძო მანქანებისთვის”, – განაცხადა კამინსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, “რუსეთში რეგისტრირებულ მანქანებს პოლონეთში შესვლის უფლება არ აქვთ“.
რუსეთში რეგისტრირებული და რუსული ნომრებით აღჭურვილი მანქანები, რომლებიც გამოჩნდებიან პოლონეთის სასაზღვრო პუნქტებზე 17 სექტემბრიდან, დაბრუნდებიან ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში, საიდანაც ისინი ჩავიდნენ, მიუხედავად იმისა, არის ეს რუსეთი თუ სხვა ქვეყანა. ასეთი ქმედებები განხორციელდება მაშინაც კი, თუ მანქანის მძღოლი არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის შესახებ 12 სექტემბერს ლიეტუვამ და ლატვიამ განაცხადეს, 13 სექტემბერს მათ ესტონეთი შეუერთდა, 15 სექტემბერს კი მათ კვალდაკვალ ფინეთმა განაცხადა, რომ დაკეტავს საზღვარს რუსული ნომრის მქონე მანქანებისთვის.