ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი გიორგი გაბედავა, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აკადემიური და საუნივერსიტეტო წრეების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაში კერძო ასოციაცია “სოსიეტეტ დე ვიტეს” წარმომადგენელი ფრანსუა კომპანჟენი, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია “დ66“-ის წარმომადგენელი ხელგერ გრონევალდი, სტრატეგიული სწავლების ჰააგის ცენტრის წარმომადგენლები სოფია რომანსკი და ბიონ დე ჰია, დემოკრატიისა და დიალოგის ექსპერტი ემი იგლსტონი და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ვილემ მიერტენსი მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ გახსნა.
შეხვედრაზე რუსლან აბაშიძემ აუდიტორიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, რუსული ოკუპაციისა და ანექსიის მცდელობის პროცესის შესახებ ინფორმაცია გააცნო, ასევე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ ყურადღება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაზე და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე გაამახვილა.
ღონისძიებას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდია და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.