რუსულმა ჯარებმა 6 ივნისს ღამით კახოვის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს, ზარალის ოდენობა ამ დროისთვის დგინდება, – ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის სარდლობის სპიკერმა ვლადისლავ ნაზაროვმა განაცხადა.
“რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური. ამ დროისთვის ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სამსახური მუშაობს. სიტუაცია კონტროლდება”, – განაცხადა ნაზაროვმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის დარია ზარივნას განცხადებით, ხერსონის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე მთლიანად ან ნაწილობრივ დატბორილია.
ხერსონის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ იური სობოლევსკიმ მოუწოდა ხერსონის რეგიონის მოსახლეობას, ყურადღებით დააკვირდნენ ადმინისტრაციის შეტყობინებებს და მიჰყვნენ მის მითითებებს უახლოეს მომავალში.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაასახელა დასახლებები, რომლებშიც ევაკუაცია გამოცხადდა, ეროვნული პოლიციისა და ხერსონის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ქვედანაყოფები გააფრთხილეს მშვიდობიანი მოსახლეობის გაფრთხილებისა და ევაკუაციისთვის მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე პოტენციური წყალდიდობის ზონებიდან. ასეთია 9 სოფელი და ნაწილობრივ ქალაქი ხერსონი – კუნძული კორაბელი.
მისივე ცნობით, წყლის დონე მატულობს და ყველამ, ვინც საშიშ ზონაში იმყოფება, საჭიროა: გამორთონ ყველა ელექტრო ტექნიკა; აიღონ საბუთები და აუცილებელი ნივთები; იზრუნონ ნათესავებზე და შინაურ ცხოველებზე და მიჰყნენ მაშველების და პოლიციის მითითებებს.
ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციამ ევაკუაცია გამოაცხადა.
“5 საათში წყალი კრიტიკულ დონეს მიაღწევს. სახიფათო უბნებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, ყველა სერვისი მუშაობს. გთხოვთ, შეაგროვოთ საბუთები და საჭირო ნივთები და დაელოდოთ ევაკუაციის ავტობუსებს. ცალკე მივმართავ მარცხენა სანაპიროს მცხოვრებლებს. გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რომ დაიცვათ თავი და გადაარჩინოთ სიცოცხლე, დაუყონებლივ დატოვეთ საშიში ტერიტორიები“, – განაცხადა ხერსონის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ პროკუდინმა.
ხერსონის საკრებულოში განაცხადეს, რომ ავტობუსებით ევაკუაცია განხორციელდება ხერსონის რაიონებიდან და სოფლებიდან, სადაც წყალდიდობაა. საავადმყოფოები და კომუნალური სამსახურები მზადყოფნაში არიან.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ მომხდართან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.
“რუსი ტერორისტები, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, მხოლოდ უდასტურებენ მთელ მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განდევნონ უკრაინის მიწის ყველა კუთხიდან. მათ არც ერთი მეტრი არ უნდა დარჩეს, რადგან ისინი ყველა მეტრს იყენებენ ტერორისთვის. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება იქნება.
უკრაინის შეჩერებას ტერორისტები ვერც წყლით, ვერც რაკეტებით და ვერც სხვა რამით ვერ შეძლებენ. ყველა სამსახური მუშაობს. მე მოვიწვიე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო. გთხოვთ, გაავრცელოთ მხოლოდ ოფიციალური და გადამოწმებული ინფორმაცია”, – წერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
“რუსი ტერორისტების მორიგი სამხედრო დანაშაული. ეს არის ეკოციდი. რუსები იქნებიან პასუხისმგებელი ხერსონისა და ყირიმის სამხრეთში მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლის შესაძლო შეწყვეტაზე, შესაძლებელია დასახლებების ნაწილის და და ბიოსფეროს განადგურება“, – განაცხადა პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა.
მისი თქმით, ოკუპანტების ქმედებები საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
“ხელისუფლება მუშაობს როგორც ცენტრალიზებულად, ასევე რეგიონულად. დღეს ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მტრის დასჯა საერთაშორისო დონეზე”, – აღნიშნა მან.
ერმაკის თქმით, კახოვკის ჰესის აფეთქება ნიშნავს, რომ წყლის გარეშე დარჩება ყირიმი, ასევე არსებობს რისკი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის.
მისივე თქმით, ამ ქმედებებით რუსები თავდაცვის ძალების შეტევის ჩაშლას ცდილობენ.
“ენერგოატომში” აცხადებენ, რომ ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ნგრევას შესაძლოა, უარყოფითი შედეგები მოჰყვეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
“2023 წლის 6 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. აფეთქების შედეგად კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე სწრაფად იკლებს, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის. ახლა სადგურის გამაგრილებელი აუზი სავსეა: დილის 08:00 საათისთვის წყლის დონე 16,6 მეტრია და ეს საკმარისია სადგურის საჭიროებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
“ენერგოატომში” აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლირებადია, უკრაინელი პერსონალი ყველა ინდიკატორს აკონტროლებს.
<script async src=”https://telegram.org/js/telegram-widget.js?22″ data-telegram-post=”RBC_ua_news/52793″ data-width=”100%”></script>