spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსული სისასტიკე, სისხლი, ტკივილი და უდრეკი წინააღმდეგობა – უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა

1000 დღის წინ რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მასობრივი მიგრაცია და მილიონობით ლტოლვილი, რუსული ომის დანაშაულები, სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ ადგილებზე, ენერგეტიკის განადგურება, დახურული საზღვრები, ტყვეების გაცვლა, ცხოვრება საომარი მდგომარეობის პირობებში, მობილიზაცია, ეკოლოგიური კატასტროფები, დანგრეული ქალაქები და ათასობით შეწირული სიცოცხლე, – ეს არ არის იმ მოვლენების და განსაცდელების ჩამონათვალი, რისი გადატანაც უკრაინელებს თითქმის სამი წელია, უწევთ.

ბოლო 1000 დღის ტრაგიკული მოვლენები დიდი ხანია, ინფორმაციის ნაკადად და მსოფლიოსთვის რუტინად იქცა. რუტინად, რომელთან ერთადაც უკრაინელები ყოველდღე ცხოვრობენ და რომელსაც ვერასოდეს შეეგუებიან. მსოფლიო შეაშინა ბუჩას ხოცვა-ჟლეტის საშინელმა კადრებმა და მარიუპოლის დაბომბვამ, მაგრამ დროთა განმავლობაში შეწყვიტა ბავშვებისა და ქალების თითქმის ყოველდღიური სიკვდილის შემჩნევა რუსული რაკეტებით და დრონებით ოდესაში, ლვოვში, კრივოი-როგში და სხვა ქალაქებში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 04:00 საათზე მას შემდეგ შეიჭრა, რაც ვლადიმერ პუტინმა ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” გამოაცხადა.

ომის დაწყებიდან მალევე მთელმა მსოფლიომ ნახა ბუჩას ოკუპაციის დროს რუსული ჯარების მიერ ჩადენილი სისასტიკის მრავალი მტკიცებულება. მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრები ქუჩებში, სახლებში, სარდაფებში. ხალხი დახვრიტეს, აუპატიურებდნენ, აწამებდნენ.

გენერალური პროკურატურის შეფასებით, ქალაქში 637 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ომის დანაშაულებმა, რომელიც მოსკოვმა ჩაიდინა კიევის გარეუბანში, შეცვალა დასავლური სამყაროს შეხედულება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ და უბიძგა მათ უკრაინის უფრო აქტიური სამხედრო დახმარებისკენ.

2022 წლის თებერვლის ბოლოსთვის მარიუპოლი, სადაც დიდ ომამდე თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ალყაში მოექცა. სრული ალყის ქვეშ მყოფი ქალაქის დაცვა 82 დღეს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტები  ისროდნენ საარტილერიო ცეცხლსასროლი იარაღიდან და ბომბავდნენ საცხოვრებელ შენობებსა და სამოქალაქო ობიექტებს. განადგურდა საკომუნიკაციო ანძები და საავადმყოფოები. ქალაქი წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. რუსებმა დაარტყეს სამშობიაროს და დრამატულ თეატრს, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი იმალებოდა თავშესაფარში. ამავდროულად, საოკუპაციო ძალებმა დაბლოკეს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობა.

მარიუპოლის დაცვას უზრუნველყოფდნენ “აზოვის” პოლკი და ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფები, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის და ეროვნული პოლიციის დანაყოფები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ადგილობრივი ტერიტორიული დაცვა და უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე ბრიგადის ჯარისკაცები.

მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინელი სამხედროები აკონტროლებდნენ ქალაქის ნახევარს.

აპრილის ბოლოს “აზოვსტალის” ქარხანა უკრაინის თავდაცვის ეპიცენტრი გახდა. მტრის ჯარები დაჟინებით ცდილობდნენ უკრაინელი ჯარისკაცების იქიდან გაძევებას – რეგულარულად ყრიდნენ ბომბებს და უტევდნენ  ქიმიური იარაღით. მაისის შუა რიცხვებში უკრაინის ხელმძღვანელობამ “აზოვსტალის” დამცველებს მიმართა, გამოსულიყვნენ და დანებებულიყვნენ პერსონალის სიცოცხლის გადასარჩენად. რუსების აგრესიას მარიუპოლის სულ მცირე 22 ათასი მკვიდრის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს.

სრულმასშტაბიანი შეჭრის მეხუთე დღეს, 28 თებერვალს, უკრაინამ ოფიციალურად წარადგინა განცხადება ბრიუსელში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. კიევი დაჟინებით მოითხოვდა ევროკავშირის დაუყოვნებლივ გაწევრიანებას “სპეციალური პროცედურის“ მეშვეობით განსაკუთრებული გარემოებების გამო. როგორც მოსალოდნელი იყო, დაუყოვნებელი გაწევრიანება არ მოხდა, მაგრამ უკრაინამ 2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო.

2022 წლის სექტემბრის დასაწყისში უკრაინულმა ჯარებმა განახორციელეს წარმატებული და სწრაფი კონტრშეტევა ხარკოვის რეგიონში. ოპერაციის ფარგლებში თავდაცვის ძალებმა ერთ კვირაში მოახერხეს 2500 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება – ხარკოვის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია, დონეცკის ნაწილი და ლუგანსკის მცირე ნაწილი.

განადგურდა მთელი რუსული ქვედანაყოფები, ბევრმა ნაჩქარევად მიატოვა პოზიციები და უკან დაიხია, მიატოვა არტილერია, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.

2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინამ ნატოში დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადი წარადგინა. დროთა განმავლობაში ოფიციალურმა კიევმა საჯაროდ აღიარა, რომ საომარი მოქმედებების დასრულებამდე ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება შეუძლებელი იყო და ძალისხმევა გაამახვილა ნატოში გაწევრიანების “პოლიტიკური მოწვევის“ მოპოვებაზე. თუმცა, ვილნიუსს და ვაშინგტონში ნატოს ორ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები მხოლოდ შეთანხმდნენ, რომ უკრაინას არ დასჭირდებოდა MAP-ის (წევრების სამოქმედო გეგმის) ეტაპის გავლა. მიიჩნევა, რომ უკრაინის ალიანსთან დაახლოების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან შეერთებული შტატები და გერმანია.

2022 წლის 5 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ე.წ. შესვლას – დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი. არც მაშინ და არც დღეს ოკუპირებულ რეგიონებს რუსები სრულად ვერ აკონტროლებენ.

2022 წლის 8 ოქტომბერს ქერჩის ხიდზე მოძრავი სატვირთო მანქანა აფეთქდა. გარდა პრაქტიკული მნიშვნელობისა, ხიდის დანგრევას მნიშვნელოვანი სიმბოლური მნიშვნელობაც ჰქონდა – კრემლმა დიდი ფული და ძალისხმევა ჩადო ამ ობიექტში.

2022 წლის სექტემბერში ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულმა კონტრშეტევამ რუსეთის ხელმძღვანელობაში ისტერია გამოიწვია. მოსკოვიდან მუდმივად ისმოდა მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. შეერთებულმა შტატებმა ბირთვული კონფლიქტის რისკი 50/50 შეაფასა. შედეგად, ამერიკელებმა დასავლელ მოკავშირეებთან ერთად ყველა არხით გადმოსცეს ბირთვული დარტყმის დაუშვებლობა და მოსკოვის დარწმუნებაში მისი მოკავშირეები, ჩინელებიც კი ჩაერთნენ. შედეგად, ნოემბრის დასაწყისში, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ღიად განაცხადა, რომ “ბირთვული ომების დაწყება შეუძლებელია” – რაც აშკარად განიხილებოდა, როგორც სიგნალი რუსეთისთვის. მას შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ბირთვულ საკითხზე სპეკულაციები გაცილებით ნაკლებად ისმის.

რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს შავ ზღვაში 25 ათასზე მეტი კვადრატული კილომეტრი. შავი ზღვის ნაწილიდან ოკუპანტების განდევნა ზმეინის კუნძულის გათავისუფლებისა და რუსულ გემებზე მუდმივი “ნადირობის“ წყალობით გახდა შესაძლებელი. საზღვაო ძალების ოფიციალური მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა მოახერხეს რუსეთის საზღვაო ძალების 29 ხომალდის განადგურება. მათ შორისაა კრეისერი „მოსკოვი“, წყალქვეშა ნავი „დონის როსტოვი“, “კოტოვი“, “ივანოვეცი“ და “ვასილი ბეხი“. მოსკოვი იძულებული გახდა შავი ზღვის ფლოტი ოკუპირებული სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში, უკრაინის თავდასხმებისგან მოშორებით გადაეყვანა.

რუსეთმა ბახმუტზე შეტევა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო. წარუმატებლობის სერიის შემდეგ, ოკუპანტებმა შეცვალეს ტაქტიკა და 2023 წლის იანვარში კვლავ დაიწყეს ამ ქალაქზე შეტევა. იანვრის ბოლოდან მაისის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები ცდილობდნენ ქალაქში პოზიციების დაკავებას რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიისა და “ვაგნერის” უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ. იმ დროისთვის, როცა თავდაცვის ძალები ბახმუტიდან უნდა გასულიყვნენ, საოკუპაციო ძალებმა გაანადგურეს ქალაქის თითქმის ყველა სახლი და ინფრასტრუქტურა.

ბახმუტის ბრძოლას უწოდებენ ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლას დიდი ომის დროს. თეთრი სახლის მონაცემებით, ამ ქალაქისთვის ბრძოლებში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 100 ათასი ადამიანია. ბახმუტის აღების შემდეგ “ვაგნერელებმა” დიდი დანაკარგების გამო ბრძოლას თავი დაანებეს.

2023 წლის 17 მარტს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციის ბრალდებით ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. პუტინი გახდა მესამე სახელმწიფოს მეთაური ისტორიაში, რომლის წინააღმდეგაც ასეთი ორდერი გაიცა. რომის სტატუტის დებულებების თანახმად, 123-დან თითოეულმა წევრმა ქვეყანამ, რომელმაც მოახდინა მისი რატიფიცირება, უნდა დააკავოს პუტინი და გადასცეს ჰააგას – თუ ის მის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. შედეგად, პუტინმა შეამცირა მოგზაურობის რაოდენობა მთელს მსოფლიოში, მაგრამ 2024 წლის სექტემბერში ის მაინც ეწვია მონღოლეთს, რომელმაც მოახდინა რომის სტატუტის რატიფიცირება, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ იგი არ დააკავა.

2023 წლის 6 ივნისს რუსეთის ჯარებმა განზრახ ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რამაც ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია. ჰიდროელექტროსადგურის დანგრევა განიხილება ომის დანაშაულად და პოტენციურად უკრაინელი ხალხის გენოციდის აქტად. კაშხლის აფეთქების შედეგად 28 დასახლება დაიტბორა. რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, თუმცა რეალური რიცხვი შეიძლება ბევრად მეტი იყოს. ასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, ხოლო რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება არ ჩქარობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხალხის ევაკუაციას და მათ ბედის ანაბარა ტოვებდა.

2023 წლის 22 სექტემბერს უკრაინამ წარმატებული სარაკეტო შეტევა განახორციელა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე სევასტოპოლში, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე მაღალი რანგის ოკუპანტი. დარტყმა განხორციელდა Storm Shadow-ის რაკეტებით და ეს გახდა კიდევ ერთი ფაქტორი შავი ზღვის დასავლეთი ნაწილიდან რუსების განდევნის.

ხმები მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის შესაძლო გადადგომის შესახებ 2023 წლის ზამთრის დასაწყისიდან ვრცელდებოდა. იანვრის ბოლოს სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავარსარდლის შეცვლა გადაწყვიტა. თითქმის ათი დღის განმავლობაში ყველა მხარე დუმდა ზალუჟნის ბედზე, სანამ ზელენსკიმ ოფიციალური განცხადება 2024 წლის 8 თებერვალში არ გააკეთა. ახალ მთავარსარდლად პრეზიდენტმა დანიშნა გენერალი ალექსანდრე სირსკი, ხარკოვის კონტრშეტევის “იდეოლოგი“.

2023 წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში წარადგინა კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების გამოყოფის შესახებ, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტთან ერთად, მაგრამ მისი განხილვა რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერდა – უკრაინის დახმარება მძევლად იქცა აშშ-ში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის საარჩევნო ბრძოლაში. უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ასეთმა შეფერხებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი პრობლემები ფრონტზე. კონსულტაციების მრავალი რაუნდის და აქტიური ლობისტური კამპანიის შემდეგ, კონგრესმა დახმარების პაკეტი 2024 წლის აპრილში საბოლოოდ დაამტკიცა.

2024 წლის 15-16 ივნისს შვეიცარიაში პირველი “მშვიდობის სამიტი“ გაიმართა, რომელშიც ასამდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა. უკრაინის, როგორც სამიტის ორგანიზატორის მთავარი მიზანია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება პრეზიდენტ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე. მონაწილეთა ჭრელი შემადგენლობის, მათ შორის რიგი ქვეყნების რუსეთის მიმართ პოზიტიური ან ნეიტრალური დამოკიდებულების გამო, სამიტის საბოლოო კომუნიკე საკმაოდ ფრთხილი გამოდგა – შეთანხმებული იყო მხოლოდ ყველაზე ნაკლებად კონფლიქტურ საკითხებზე, როგორიცაა ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, ასევე სამხედრო ტყვეების დაბრუნება. შედეგად, დაიწყო მზადება მეორე “მშვიდობის სამიტისთვის“, რომელშიც შესაძლოა, უკვე რუსეთმაც მიიღოს მონაწილეობა.

ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ, ბრიუსელმა უკრაინას ევროინტეგრაციის გაგრძელებისთვის შვიდი პუნქტის შესრულება მოსთხოვა, რომელთა შესრულების შემდეგ, 2023 წლის 14 დეკემბერს, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყდა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, რომელიც ოფიციალურად დაიწყო 2024 წლის 25 ივნისს. პროგნოზების უმეტესობის მიხედვით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების რეალური თარიღი დაახლოებით 2030 წელია.

2024 წლის 4 აგვისტოს ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინაში პირველი ამერიკული F-16 გამანადგურებელი გამოჩნდა. უკრაინელი დიპლომატები ამ თვითმფრინავებისთვის დიდი ხნის განმავლობაში და სხვადასხვა დონეზე იბრძოდნენ. მთლიანობაში კიევს დაჰპირდნენ 60-მდე ერთეულს, მაგრამ ჯერჯერობით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასეთი რაოდენობა არ აქვთ. მიუხედავად ამისა, F-16-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. მაგალითად, რუსეთის ბოლო მასიური თავდასხმის დროს F-16-ებმა მოწინააღმდეგის 10 რაკეტა გაანადგურეს.

2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის ძალები შევიდნენ კურსკის ოლქში და პირველ ორ კვირაში მოახერხეს რუსეთის ტერიტორიის დაახლოებით 1250 კვადრატული კილომეტრის და რუსეთის ფედერაციის 100-ზე მეტი დასახლების დაკავება. უკრაინის არმიამ აჩვენა, რომ 2023 წელს წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ, სათანადო მომზადებით მას მაინც შეუძლია წარმატებული ოპერაციების განხორციელება.

კრემლმა უკვე განახორციელა კონტრშეტევის რამდენიმე ეტაპი კურსკის რეგიონში, მაგრამ ჯერჯერობით მათ მოახერხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხოლოდ მესამედის გათავისუფლება. შეტევის მხარდასაჭერად მოსკოვმა კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც კი გაგზავნა.

2024 წლის 5 ნოემბრის აშშ-ის არჩევნები, რა თქმა უნდა, იყო წლის მთავარი მოვლენა მსოფლიო პოლიტიკაში, რასაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ომში პერსპექტივისთვის. დონალდ ტრამპი რეგულარულად იმეორებდა “24 საათში ომის დასრულების” დაპირებას. მისი გეგმა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ომი უფრო სწრაფად დასრულდება იმ გუნდის პოლიტიკის წყალობით, რომელიც ახლა უხელმძღვანელებს თეთრ სახლს”.

ბოლო 1000 დღის მოვლენები საუკეთესო შეხსენებაა იმისა, თუ რა ბოროტებას უპირისპირდებიან უკრაინელები და რა საფრთხეს თანდათან ივიწყებს დანარჩენი მსოფლიო.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები