კიევი: საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერანტორის მიხეილ სააკაშვილის საქმის გამომძიებლები მის ადვოკატებთან კონტაქტზე არ გადიან. ამის შესახებ Front News-ს სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განუცხადა.
“გამომძიებლები არ პასუხობენ სატელეფონო ზარებს. დღეს უმაღლეს რადაში გენერალურმა პროკურორმა რაღაც ულტიმატუმები დააყენა, თუმცა ეს იყო პოლიტიკური განცხადებები. ჩვენ ღია ვართ და გვესმის, რომ თუ რაიმე სახის სისხლის სამართლის საქმე არსებობს, აუცილებელია ამით დავკავდეთ, მაგრამ კვლავაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არაფერი შეცვლილა – ჩვენი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დოკუმენტები არ წამოადგინეს, გამომძიებლები კონტაქტზე არ გამოდიან”, – განაცხადა ადვოკატმა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების სამსახურში ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა.
სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. მისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.