“უფლებები საქართველოს” ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ქმრის მიერ ავტობუსში, 31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა განესაზღვრა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა. პროკურორი ითხოვს, სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც “უფლებები საქართველო“ 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო.
“უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ფემიციდის მსხვერპლის დედისათვის სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომ ადვოკატი მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული დასკვნის წარდგენას შეეცდება და სააპელაციო სასამართლოს წინაშე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვს. საყურადღებოა ისიც, რომ მამაკაცის ადვოკატის მხრიდან ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების საქმისათვის დართვის შუამდგომლობა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას არ დაკმაყოფილდა.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გათვალისწინებული იქნება ფემიციდის მსხვერპლის დედის პოზიცია უმკაცრესი სასჯელის გამოყენების თაობაზე და არ დაკმაყოფილდება მსჯავრდებული ადვოკატის შესაძლო შუამდგომლობა სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, “უფლებები საქართველო“ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საზოგადოების ყურადღება გაამახვილოს შემდეგზე: მართალია, სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამჟამად უკვე მსჯავრდებული მამაკაცი, დანაშაულის ჩადენის მომენტში, იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა მიმდინარეობის დროს ის იყო მშვიდი და ადეკვატური. გარდა ამისა, გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის, უშუალოდ დანაშაულის ჩადენის შემდგომ მსჯავრდებულის ქმედებები ცალსახად მიუთითებს, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა განზრახ და გაცნობიერებულ ქმედებას.
“უფლებები საქართველო“ ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს დანაშაულის შემსწრე არასრულწლოვანების ინტერესებზე. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები (მოკლული ქალის შვილები და დისშვილები) ამ სასტიკ დანაშაულს შეესწრნენ, გამოძიების ეტაპზე, არასრულწლოვანთა დაზარალებულად ცნობა არ მომხდარა. მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის ფონზე, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, არსებითად მნიშვნელოვანია, საქმის წარმოება გაგრძელდეს იმგვარად, რომ არ მოხდეს მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების მეორეული ვიქტიმიზაცია.
ამ საქმეს “უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2022 წლის მაისში თბილისში, გურამიშვილის გამზირზე №323 ავტობუსში არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ ქმარმა ქალს 27 ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.