ვადასტურებ, რომ კალაძე ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი, მაგრამ ის ერთ-ერთი გამორჩეულად ცუდი და კორუმპირებული მერია დედაქალაქის ისტორიაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს “ლელოს“ დეპუტატმა საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიწვევის მიუხედავად, თბილისის მერი საკრებულოში არ მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს პასუხები კითხვებზე.
“კალაძე რომ საკრებულოში დადიოდეს, ეს კითხვები უფრო მკაფიოდ გაისმებოდა და ყველა უკეთესად დაინახავდა, რასთან გვაქვს საქმე. თუ ვინმე არის შოუს მომწყობი და ვინმე არის მოწადინებული გადაიფაროს ეს საქმე, არის თვითონ ხელისუფლება, რომელიც ოპოზიციას ადანაშაულებს კითხვების დასმის გამო. ეს კითხვები მარტო ჩვენ არ უნდა გვქონდეს, უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ყველას. “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინტერესებში უნდა იყოს სიმართლის გარკვევა. კითხვების დასმა არ ნიშნავს ვინმეს მტრობას“, – განაცხადა ბუაძემ.
მისი თქმით, ქალაქის მერის მიმართ მრავალი კითხვა არსებობს, რომელსაც საკრებულოში მისვლის შემთხვევაში დაუსვამდნენ.
“პირველ რიგში, გვაინტერესებს გრძნობს თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ კორუმპირებული დამფუძნებლების მიერ შექმნილ კომპანიას მისცეს ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და შემდეგ ამ კომპანიის მიერ განხორციელებულმა სამუშაოებმა გამოიწვიეს 13 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას გარდაცვალება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წევრებმა რიგგარეშე სხდომის ფორმატში თბილისის მერის კახი კალაძის დასწრება მოითხოვეს, ისინი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიასთან დაკავშირებით მერისთვის კითხვების დასმას გეგმავდენ. მიუხედავად ამ მოთხოვნისა, კალაძე საკრებულოს სხდომაზე არ მივიდა.