ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულ 5 ბავშვს დღეს დაკრძალავენ.
ხანძარი 5 იანვარს დილით გაჩნდა.
ძლიერ ხანძარს მხოლოდ დაღუპული ბავშვების ბებია გადაურჩა, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან შვილიშვილების გამოყვანას ცდილობდა და შველას ითხოვდა. ის ხანძრის გაჩენის დროს პატარა გოგონებთან ერთად მარტო იმყოფებოდა.
ხანძრის შედეგად დაშავებული ბებია მძიმე დამწვრობით ჯერ რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 20% აქვს დაზიანებული და მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.