თუ ჩემს ექსტრადიციას მოახდენთ აზერბაიჯანში, მათ ხელში აღმოვჩნდები. შეიძლება მომკლან კიდეც, – ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას სისხლის სამართლის დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის კრიტიკის გამო ისჯება.
“მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს. აზერბაიჯანში არის ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრე, რომელსაც მთავრობის წევრები ეხმარებიან. მათ 2012 წელს საქართველოში 3 ტონა ჰეროინი წითელი ხიდიდან შემოიტანეს. 4 ტონა დაღესტანში გადაიტანეს და მოსკოვის მიმდებარე ქალაქებსა და ციხეებს ნარკოტიკით უზრუნველყოფენ. ამის შესახებ ხუთი სიუჟეტი მოვამზადე, შემდეგ დამემუქრნენ და მითხრეს, რომ კრემლში მეგობრები ჰყავდათ, შემომთავაზეს თანხა და თუ უარს ვიტყოდი, როგორც მითხრეს, გამანადგურებდნენ.
თუ ჩემს ექსტრადიციას მოახდენთ აზერბაიჯანში, მათ ხელში აღმოვჩნდები. შეიძლება მომკლან კიდეც” , – განაცხადა აფგან სადიგოვმა სასამართლო პროცესზე.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს სასამართლომ დღეს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივა და საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა.
სადიგოვი 3 აგვისტოს საქართველოში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 188.2.2 და 182.2.4 მუხლებით – „გამოძალვა, უცხო ადამიანისაგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით და შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა არაერთგზის“.