spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 2013-2021 წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გააანალიზა 2013-2021 წლებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვასთან დაკავშირებული ოფიციალური მონაცემები და დაადგინა, რომ პრივატიზების პროცესი მნიშვნელოვან კორუფციულ რისკებს შეიცავს. უკიდურესად დაბალი კონკურენცია, არასაკმარისი გამჭვირვალობა, კეთილსინდისიერების მექანიზმების არარსებობა და არასათანადო რეაგირება სავარაუდო დარღვევებზე – ეს არის ის ძირითადი გამოწვევები, რაც პრივატიზაციის პროცესში კორუფციის რისკს წარმოშობს.

საქართველოში მიწის რესურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრივატიზების პროცესი, დიდი ალბათობით, კიდევ მრავალი წელი გაგრძელდება. 

ზემოთ ნახსენები გამოწვევების პირობებში, და ასევე იმის გამო, რომ ქვეყანაში არ არსებობს მაღალი დონის კორუფციის შემაკავებელი მექანიზმები, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სახელმწიფო ქონების განკარგვა მოხდეს კონკრეტული ადამიანების პირადი ინტერესების სასარგებლოდ, ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების ხარჯზე, რისი არაერთი სავარაუდო მაგალითიც ამ კვლევაშია მოყვანილი. 

მთავარი მიგნებები:

2013-2021 წლებში 656.9 მლნ ლარის საწყისი ღირებულების 5105 საჯარო აუქციონის შედეგად სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) მთლიანობაში 872.8 მლნ ლარად გაიყიდა. ყველაზე მეტი (859) აუქციონი 2021 წელს ჩატარდა, რის შედეგადაც სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავალმა 304.9 მლნ ლარი შეადგინა.

2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება (მიწა და შენობა-ნაგებობა) პრივატიზაციის გზით ათასზე მეტმა კომპანიამ მიიღო. ამ კომპანიების, მათი მეწილეებისა და დირექტორების ნაწილმა (212 კომპანიის 217-მა მეწილემ/მმართველმა) სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 19,655,907 ლარი

შესწირა.

 

2013-2021 წლებში ჩატარებული პრივატიზაციის ყოველი 3 აუქციონიდან 2 (68%) უკონკურენტოდ იქნა მოგებული, რაც კონკურენციის უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, უკონკურენტო აუქციონების წილი წლების განმავლობაში ერთსა და იმავე მაღალ მაჩვენებელზე რჩება.

 

ასევე დიდია არშემდგარი აუქციონების რაოდენობა: 2013-2021 წლებში სახელმწიფო უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით სულ 9,976 აუქციონი გამოცხადდა, რომელთა 46.7% (4,656) ჩაიშალა, რადგან მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციით ჩატარებული აუქციონები რაოდენობით ერთ მესამედზე ნაკლები იყო (32%), მათი საშუალებით პრივატიზაციის საწყისი თანხა საშუალოდ გაორმაგდა (99.2%-იანი ზრდა) – 214.1 მლნ ლარიდან 426.4 მლნ ლარამდე, რაც პრივატიზაციის გზით შემოსული მთლიანი თანხის 50% იყო.

 

პირდაპირი გზით პრივატიზაციის შესახებ მიღებული არასტრუქტურირებული და არასრული მონაცემების მიხედვით, 2013-2020 წლებში, გაფორმდა პირდაპირი პრივატიზაციის 429 კონტრაქტი (რაოდენობაში არ შედის 2015 წლის მონაცემი, რადგან ინფორმაცია ხარვეზიანად იქნა მოწოდებული), საიდანაც 43%-ს სიმბოლური ფასი (1 ლარი) ჰქონდა. პირდაპირი პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მთლიანობაში 236 მლნ ლარზე მეტი მიიღო, რომლის დიდი ნაწილიც – 157 მლნ ლარი გაზსადენის გაყვანის მიზნით შპს “სოკარ ჯორჯია გაზისთვის” გადაცემულ უძრავ ქონებას უკავშირდებოდა.

 

სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალეა. პროაქტიულად არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია და მთავრობის განკარგულებები. აუქციონების გამარჯვებულთა ვინაობა მხოლოდ მოკლე დროით ქვეყნდება, ხოლო აუქციონის სხვა მონაწილეების ვინაობა კანონით კონფიდენციალურად ითვლება.პრივატიზაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა მრავალ საეჭვო შემთხვევას, რაც კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება მიანიშნებდეს: 

 

87 შემთხვევაში პრივატიზების აუქციონი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მოიგო. მათ შორის, 78% (68 ელექტრონული აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით) იქნა მოგებული. 23 ელექტრონულ აუქციონზე კომპანიები აუქციონის მიმდინარეობისას დარეგისტრირდნენ, მათ შორის, 3 შემთხვევაში აუქციონის გამოცხადების დღეს. შედეგად, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 751,660 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 147 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. 

 

29 შემთხვევაში პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი ახლად დარეგისტრირებულმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის, 10 შემთხვევაში კომპანიებს 532,183 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 46 შენობა-ნაგებობა, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. საერთო ჯამში, ახლადრეგისტრირებულ კომპანიებზე, 860,078 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 4,619,056 კვ.მ. Სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა და 85 შენობა-ნაგებობა გასხვისდა. 

 

არის შემთხვევები, როდესაც პრივატიზების აუქციონში / პირდაპირ კონტრაქტს იღებს თანამდებობის პირი ან ოჯახის წევრი, ან ისეთი კომპანია, რომლის მეწილე ან დირექტორი არის თანამდებობის პირი ან მისი ოჯახის წევრი. 2013-2020 წლებში ასეთი 50 შემთხვევა დაფიქსირდა (სია იხილეთ კვლევის ძირითად ტექსტში) – საუბარია 328,860 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 45 შენობა-ნაგებობის გაყიდვაზე:

 

o 26 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირმა/ოჯახის წევრმა მოიგო, მათ შორის, 16 აუქციონი უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);

 

o 16 შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან  პირდაპირ დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს, მათ შორის, აუქციონების 87.5% (14 აუქციონი) უკონკურენტოდ (მხოლოდ ერთი ბიჯით);

 

o 3 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან, გაფორმდა. აქედან 2 შემთხვევაში, მათ ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ. 

 

o 5 შემთხვევაში, პირდაპირი პრივატიზაციის კონტრაქტი თანამდებობის პირთან/ოჯახის წევრთან პირდაპირ დაკავშირებულ კომპანიებთან გაფორმდა. მათ შორის, 3 შემთხვევაში, კომპანიებს ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაეცათ.

 

42 აუქციონის/პირდაპირი პრივატიზაციის შემთხვევაში სახელმწიფო ქონება მიიღეს მმართველი პარტიის იმ შემომწირველებმა, რომლებმაც აუქციონის გამოცხადებამდე/მთავრობის განკარგულებამდე მცირე პერიოდით ადრე, ან აუქციონის მოგებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე შესწირეს თანხა.

 

შედეგად, 13,374,167 ლარად 454,627 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო, 225,666 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 45 შენობა-ნაგებობა გაიყიდა. მყიდველებმა სხვადასხვა დროს ქართული ოცნების სასარგებლოდ 2,097,000 ლარის შემოწირულება გაიღეს.

 

სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” არ გააჩნია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისას კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის პრევენციის რაიმე კონკრეტული მექანიზმი. ასევე, სააგენტომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, გამოვლენილა თუ არა 2012-2021 წლებში კორუფციული შინაარსის დარღვევა პრივატიზაციის სფეროში.

კვლევის ფარგლებში შესწავლილია მხოლოდ სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიერ ცენტრალური ხელისუფლების ბალანსზე არსებული უძრავი ქონების (მიწა და შენობა-ნაგებობები) გასხვისება, როგორც საჯარო აუქციონის, ისე პირდაპირი პრივატიზების პროცედურით.

შესაბამისად, კვლევა არ მოიცავს იჯარას, უძრავი ქონების გარდა სხვა სახის სახელმწიფო ქონების განკარგვას (მაგ: ტყის ფონდი, მოძრავი ქონება ან სახელმწიფო საწარმოები). კვლევა ასევე არ მოიცავს, მუნიციპალიტეტების, მათ შორის არც თბილისის, მერიების მიერ განხორციელებულ პრივატიზაციას, რომლებიც თავად განკარგავენ მათ ბალანსზე არსებულ უძრავ ქონებას.

 

კვლევაში ახლადრეგისტრირებული კომპანია გულისხმობს კომპანიას, რომელიც აუქციონის გამოცხადებამდე / პირდაპირი პრივატიზაციის განკარგულებამდე არაუგვიანეს 6 თვისა დარეგისტრირდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები