spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

საგარეო უწყება – მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

 

“2008 წლის 3 აპრილს ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო (და უკრაინა) გახდება ნატო-ს წევრი. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც, ნატო-ს წევრი შეიძლება, გახდეს ნებისმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში.ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ ნატო-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით წარმოადგენს სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

რუსეთი ნატო-სგან საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების უკან გაწვევასა და რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, შეიარაღების განუთავსებლობასთან დაკავშირებით დასავლეთისგან გარანტიებს მოითხოვს. „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, იმის თაობაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, რაც ეწინააღმდეგება ეუთო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას – „არ გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება სხვების უსაფრთხოების ხარჯზე“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები