საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სიდნეიში, სავაჭრო ცენტრში თავდასხმის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ქართული მხარისთვის ცნობილი არის სიდნეიში, სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შედეგად, საქართველოს (და ავსტრალიის) მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ასევე, ავსტრალიის მთავრობას და ხალხს აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაღუპულების გამო. ქართული მხარე შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარის გამო.
საქართველოს საელჩო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიდნეის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოქალაქეებს უცნობი მამაკაცი დანით დაესხა თავს. მან ექვსი ადამიანი მოკლა, მათ შორის ხუთი ქალი და ერთი მამაკაცი. პოლიციის სროლის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა. მოგვიანებით დადგინდა, რომ თავდამსხმელი 40 წლის ჯოელ კაუჩია, რომელსაც სავარაუდოდ, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. სამართალდამცველები ტერორიზმის მოტივს გამორიცხავენ.