spot_img
spot_imgspot_img
spot_img

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა შეისწავლოს

საია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მოუწოდებს, შეისწავლოს შსს-ს მიერ სახის ამომცნობი კამერების გამოყენების პრაქტიკა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას მასობრივად იყენებს სახის ამომცნობ კამერებს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებულ სამართალდარღვევის საქმეებში. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისთვის სასამართლოსათვის საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევა. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად.

საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალმა სსიპ-მა „საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა – 112” შეისყიდა სახისა და ემოციების ამომცნობი 30 კამერა. აღნიშნული კამერების შესყიდვას უძღოდა 112-ის დირექტორის წერილი, რომელშიც განიმარტა, რომ 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული 115 კამერა დაზიანდა. სახის ამომცნობი და დისტანციური ბიომეტრიული ტექნოლოგიებით შესაძლოა მოხდეს პირთა იდენტიფიკაცია და დისკრიმინაციული მიზნით თვალთვალი. ეს პრაქტიკა ძირს უთხრის ისეთ ძირითად უფლებებს, როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მონაცემთა დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების უფლება, თანასწორობა და დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

ასეთი კამერების პრაქტიკაში ადამიანის უფლებებისთვის დამაზიანებელი მიზნით გამოყენებას მასობრივად აქვს ადგილი ავტოკრატიულ/ტოტალიტარულ რეჟიმებში. „Human Rights Watch“-ის შეფასებით, ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება არა მხოლოდ პირადი ცხოვრების უფლებას არღვევს, არამედ – გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებიც.

“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, “თუ მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მონაცემთა დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება”.

არსებული გამოცდილების, მათ შორის, შეკრების უფლების დარღვევის მზარდი პრაქტიკის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ინსპექტირება შინაგან საქმეთა სამინისტროში და შეისწავლოს:

წინასწარ განხორციელდა თუ არა მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები;

· რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან”, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები