აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში გამოეხმაურა.
“რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს. ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევროატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ.
რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ჩვენ ვუყურებთ ამ არჩევნებს, როგორც შესაძლებლობას ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომ გამოხატონ საკუთარი შეხედულება ქართული ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებაზე, თავისი ევროატლანტიკური ტრაექტორიისა და ევროპასთან ინტეგრაციის გაღრმავების მიტოვების თაობაზე”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, “თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით”.