ისრაელისა და უკრაინისთვის შეიარაღების ახალი პაკეტი 2 მილიარდ დოლარზე მნიშვნელოვნად მეტი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ პაკეტის დამტკიცების აუცილებლობის შესახებ აშშ-ის კონგრესთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს გამართავს.
“როგორც ვთქვი, პაკეტი აუცილებლად მოიცავს საჭირო სამხედრო აღჭურვილობას უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ასევე ისრაელის დასახმარებლად ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა სალივანმა.
ბაიდენი განიხილავს საბიუჯეტო მოთხოვნას, რომელიც გააერთიანებს დახმარებას ისრაელისთვის, უკრაინისა და შესაძლოა, ტაივანისთვის, რათა გააუმჯობესოს მისი დამტკიცების შანსები ზოგიერთი რესპუბლიკელის მოწოდების ფონზე, შემცირდეს კიევისთვის სახსრები.