ახლა არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი, ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას, იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება.
“ახლა არის გადასაწყვეტი, თუ რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი – ემორჩილება ქართველი ხალხის ნებას, საერთაშორისო წნეხს, სასწრაფოდ იწყებს მუშაობას ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე, თუ ბოლომდე აპირებს, რომ მოექცეს საერთაშორისო იზოლაციაში ყველა შესაბამისი შედეგით, როგორც ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია იტყვის მიმდინარე კვირას – სანქციების რეჟიმის გამკაცრება და შემდგომი ზეწოლა რეჟიმზე.
თუ საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნა და საარჩევნო გარემო არ შეიცვალა, არანაირი აზრი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას არ ექნება, რომელიც არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ოქტომბერში გამოაცხადა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნულ დონეზე თავისუფალ და სამართლიან განმეორებით არჩევნებს გზა გაუხსნას.