სამწუხაროდ, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი მხოლოდ ფორმალურად არსებობს, ხოლო „ქართული ოცნების“ რეჟიმი იმოქმედებს ისე, როგორც თავად სურს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ არანაირი დევნა და დაშინება არ შეაჩერებთ.
“ფაქტი ერთია – სამწუხაროდ, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი მხოლოდ ფორმალურად არსებობს, ხოლო “ქართული ოცნების“ რეჟიმი იმოქმედებს ისე, როგორც თავად სურს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ვცხოვრობთ უკანონო გარემოში.
ამ პირობებში ბუნებრივია, რომ ყველა, ვინც ებრძვის ამ რეჟიმს, არ ემორჩილება მის დიქტატს და არ ეგუება რუსეთის მიერ საქართველოს მიტაცებას, მუდმივად დგას რეპრესიებისა და ზეწოლის საფრთხის წინაშე.
მე მინდა ყველას ვუთხრა – არანაირი დევნა და შევიწროება არ შეგვაშინებს! ჩვენ უკან არ დავიხევთ, სანამ დიდ გამარჯვებას არ მივაღწევთ.
მჯერა ერთი რამ – რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. სწორედ ამიტომ, ამ იერიშს გარკვეულწილად კმაყოფილებით ვიღებთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი მოთამაშეები ქვეყნის მომავლის გადასარჩენად”, – განაცხადა სამადაშვილმა.