ამ რეზოლუციას ნამდვილად არ აქვს ჩალის ფასი და ეს კარგად იცის რეჟიმმა. ევროპარლამენტს ჩალის ფასი კი არ აქვს, ევროპარლამენტი არის ცენტრი პოლიტიკური ცხოვრების, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იძვრებოდა ევროპარლამენტში.
“ამ რეზოლუციას ნამდვილად არ აქვს ჩალის ფასი და ეს კარგად იცის რეჟიმმა. ევროპარლამენტს ჩალის ფასი კი არ აქვს, ევროპარლამენტი არის ცენტრი პოლიტიკური ცხოვრების. იქ არის წარმოდგენილი ყველა ის პოლიტიკური მმართველი ძალა, რომელიც სხვადასხვა წევრ ქვეყნებში იღებენ გადაწყვეტილებას.
საქართველოსთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი საკითხი იძვრებოდა ევროპარლამენტში იმიტომ, რომ ევროპარლამენტი აძლევს პოლიტიკურ იმპულსს და ამის აღსრულება ხდება ეტაპობრივად”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 400-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციის ტექსტში ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და “ქართულ ოცნებას” ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ. ისინი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. რეზოლუციაში საუბარია კონკრეტული პირების სანქცირებაზე.