ეს კანონი თუ იქნება მიღებული მესამე მოსმენით, ამის შემდეგ უკვე დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელსაც ცოტა ხნის წინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს.
“რუსულ ხელისუფლებას არ უნდა, რომ სიმართლე გაიგოს აი, იმ ხალხმაც კი, ვინც დღეს ჩამოჰყავთ აქ, მიტინგზე. სიმართლე არის ის, რომ ამ კანონის მიღება ემუქრება საქართველოს არა მხოლოდ იმით, რომ ევროკავშირთან არანაირი მოლაპარაკებები არ დაიწყება, არამედ უვიზო რეჟიმს. სავარაუდოდ ჩვენ გაგვიუქმებენ, თუ მოხდება ამ კანონის მიღება. ახლა ეს ხალხი ატყუებს საზოგადოებას, რომ ეს არის შეუძლებელი. ამიტომ დავსვი ეს საკითხი. მინდოდა, რომ გვესაუბრა სწორედ ამაზე, რომ უვიზო რეჟიმს როგორ დაკარგავს საქართველო ამ კანონს თუ მიიღებს და გამომაძევეს სხდომიდან. იმიტომ, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი არ უნდათ, იმიტომ, რომ სინამდვილეში კითხვაზე პასუხი არ აქვთ. სინამდვილეში ატყუებენ საზოგადოებას. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ მეგობრებო, არათუ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე, უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე დაიწყება საუბარი ძალიან სწრაფად. ამიტომ არის დაბარებული საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე. უკანასკნელ გაფრთხილებას მას მისცემენ. ეს კანონი თუ იქნება მიღებული მესამე მოსმენით, ამის შემდეგ უკვე დაიწყება მსჯელობა უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, მასზე ფიზიკური ძალადობისთვის სარჩელის შეტანას აპირებს.
“რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს ფიზიკური ძალადობაა. ამიტომ ამ ფიზიკურ ძალადობაზე ვაპირებ, რომ შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგაც, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს.
უვიზო რეჟიმს რომ უუქმებენ, ახლა ეს ხალხი დგანან აქ, მანდატურები არიან. ალბათ მათ შვილებს ძალიან უნდათ, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში. არ აინტერესებს ამ ხალხს დავიჯერო, რატომ შეიძლება დაკარგოს მისმა შვილმა ეს შანსი?! მგონი, აინტერესებს. მგონი დროა, რომ რუსული დავალების შესრულებაზე, მათ შორის აი, ასე, სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების პირობებში რუსეთისთვის ამ ქვეყნის გადაფორმების პროცესის ხელშეწყობისთვის, პასუხისმგებლობა ყველას უნდა დაეკისროს, მათ შორის იმ ხალხს, ვინც ასრულებს ამ დავალებას“,- განაცხადა სამადაშვილმა.