“ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის აზრით, საერთაშორისო ასპარეზზე “ოცნების“ რეჟიმზე” წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ იგი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად გადადგას ნაბიჯები ხელახალი არჩევნებისკენ.
მისი თქმით, რაც უფრო გაიწელება ეს ნაბიჯი, მით უფრო დაზარალდება ქართველი ხალხი და ეკონომიკა.
“ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, გავაცანით და ავუხსენით, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს. ასევე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
ჩვენი მოლოდინია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე რეჟიმზე გაიზრდება ზეწოლა, ამის საფუძველს მაძლევს ვაშინგტონში გამართული შეხვედრები და განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია. არავინ არ აპირებს უკან დახევას, პროტესტი გრძელდება, მათ შორის ახალ ფორმატს იღებს როგორც გუშინ იყო. ეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ამ რეჟიმს მოუწევს უკან დახევა, რაც უფრო დიდი ხანი დასჭირდება ამის გააზრებას, მით უფრო დაზიანდება საქართველოს თითოეული მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ქვეყნის ინტერესებშია, რომ სწრაფად დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – განუცხადა Front News-ს სალომე სამადაშვილმა.
იგი ასევე დარწმუნებულია, რომ სანქციები დაწესდება ივანიშვილთან დაკავშირებით, როგორც ევროპიდან, ასევე აშშ დაუბრუნდება თავის გადაწყვეტილებას.