“ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან დე ფაქტო, არალეგიტიმური და მათი აღიარება ვერ შედგა დასავლეთში, სწორედ ამიტომ სტრასბურგში ქართველი ხალხის სახელით ვსაუბრობთ ჩვენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, საქართველოს არ ეყოლება წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში.
“ყველას კარგად ესმის, რომ წულუკიანი აქ ჩამოვიდა ბოლოჯერზე ბევრი ტყუილებით, ეს ტყუილები არავინ არ დაიჯერა და მოსთხოვეს “ქართულ ოცნებას” კონკრეტულად ერთი რამ – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
სანამ ახალი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება, საქართველოს არ ეყოლება წარმომადგენლობა საპარლამენტო ასამბლეაში იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ აქ შესაბამისი მანდატი და რადგანაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები არიან დე ფაქტო, არალეგიტიმური და მათი აღიარება ვერ შედგა დასავლეთში, სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს სტრასბურგში ქართველი ხალხის სახელით ვსაუბრობთ ჩვენ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა [PACE] დღეს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დებატებს გამართავს.