შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევა მრავალი წლის მანძილზე, რადგან ჩატარდა არჩევნები და ამ არჩევნებმა ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი, რასაც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ხელისუფლებისგან, ეს არის გამოძიება არჩევნებზე ჩადენილი დარღვევების პროცესის.
“საქართველოს პოლიტიკური ვითარება, სადაც არის დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არ გვქონია ასეთი შემთხვევა მრავალი წლის მანძილზე, რადგან ჩატარდა არჩევნები, ამ არჩევნებმა ვერ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, ეს არჩევნები არ არის დღეს აღიარებული, როგორც დემოკრატიული არჩევნები და ჩვენ ეს, კიდევ ერთხელ, მოვისმინეთ გუშინ ევროპარლამენტში, სადაც ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი ამბობდა, რომ ეს არჩევნები არ შეესაბამებოდა ევროკავშირის სტანდარტებს და საქართველოსთან გაიყინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ერთი, რასაც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობა ამ ხელისუფლებისგან, ეს არის გამოძიება არჩევნებზე ჩადენილი დარღვევების პროცესის და ეს არის საკმაოდ უპრეცედენტო, რადგან 2020 წელს რომ შევადაროთ, ფაქტობრივად მაშინდელი არჩევნების აღიარება მოხდა, ბევრი პრეტენზიის მიუხედავად. დღეს არის განსხვავებული პოლიტიკური რეალობა, მე ველოდები, რომ საერთაშორისო შეფასებები მეტად დამძიმდება, მათ შორის, მომავალ კვირას იქნება საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა ევროკავშირის და მიუხედავად იმისა, რას გააკეთებს ბიძინა ივანიშვილის ცესკო, თუ ეს პარლამენტი შეიკრიბება, საქართველოს ეყოლება თვითაღიარებული მმართველობა. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს ვითარება თუ არ გადატყდა, საქართველოში დემოკრატია აღარ იარსებებს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.