არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტსა და უმაღლეს მთავარსარდალს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“მე ამ ქვეყანაში დიდი ხანია, არაფერი მწყინს და ამით მე ვერავინ მაწყენინებს, მაგრამ ამ ადგილს დავტოვებ, სხვა მოვა და ეს ადგილი არის პრეზიდენტის.
არ შეიძლება, რომ 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და შემდეგ უმაღლეს მთავარსარდალს. არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში, ეს ყველგან იწვევს გაკვირვებას. პროტოკოლი არა მხოლოდ შიგნით არის სახელმწიფოს დაცვა და ურთიერთობების დალაგება ისე, რომ არ მოხდეს არაფერი, რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს.
ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და ეს წყნარად, მშვიდად უნდა იყოს დამკვიდრებული. 3 წელია, ვცდილობ, შეგვექმნა პროტოკოლის საერთო უწყება და ერთხელ და სამუდამოდ დაგველაგებინა საქართველოს პროტოკოლის წიგნი, მაგრამ არ იქნა, რადგან ყველას აქვს თავისი პატარა, კერძო ამბიციები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.