თუ გვინდა გაიმარჯვოს ევროპულმა ხაზმა, საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩევლის, ეს ნდობა გაჩნდება, თუ დაინახავენ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი ქვეყნისთვის და პირადი პოლიტიკური ამბიციები ყველამ უნდა დათმოს.
“არცერთი არ იქნება პრემიერი, ვინც დღეს ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი. ყველამ ვიცით, რომ მათი შეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსზე, იქნება შეუძლებელი. მე გამოვედი სხვა გეგმით, რომ გადავდოთ ჩვენი პირადი ინტერესები და კონცენტრაცია მოხდეს ქარტიაზე, ეს იქნება ერთადერთი პროგრამა. მაგრამ, დღეს თუ ჩვენ გვინდა, რომ დროში და დროულად მივაღწიოთ ევროკავშირში დაბრუნებას. ხალხს უნდა ნდობა გაუჩნდეს, ხალხის ნდობა დღეს, ეს ჩვენი წარსულის პრობლემა არის. ნდობა არ არსებობს და ეს არ არის მხოლოდ ქართული სენი დღევანდელ დღეს. პოლიტიკური პარტიების მიმართ მთელს მსოფლიოში არის ორმაგი განწყობილება, ამიტომ საჭირო არის, თუ გვინდა გაიმარჯვოს ევროპულმა ხაზმა, საჭირო არის ნდობა ყველა ამომრჩევლის. ეს ნდობა გაჩნდება, თუ დაინახავენ მთავრობაში არაპოლიტიკურ სახეებს, ახალ სახეებს, რასაც ჰქვია ექსპერტთა მთავრობა, ტექნიკური მთავრობა…
ეს არის ის გამოსავალი, რასაც პოულობენ, რომ ცოტა ხნით ამ მთავრობამ გადალახოს ერთგვარი კრიზისი, ჩვენ ეს შეგვიძლია. ეს არის გამოხატულება იმისი, რომ ქვეყანაში არის ერთიანობის მუხტი, გაერთიანებისკენ მუხტი. ეს უნდა შევინარჩუნოთ და ერთიანობა უნდა გავაძლიეროთ.
არავინ არ ჩაებღაუჭება ადგილებსა და სავარძლებს. ეს ყველაფერი არის 1 წლით, ჩვენი ამოცანა იყო და დავალებაა ხალხის მიერ, რომ რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავუბრუნდეთ ამ მოკლე ვადაში ევროპის გზას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.