დღეს საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება, რომელსაც უფრო უყვარს სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა ვერ შეძლო, მაგრამ დღეს რუსული რეჟიმის ხელით ცდილობს, რომ შემოიტანოს დაპირისპირება.
“დღეს საქართველოში არ არსებობს 2 მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. არსებობენ ცალკეული ადამიანები, რომლებიც რაღაცების გამო იცავენ ამ რეჟიმს და ამ რეჟიმის გამო მიდიან უსასტიკეს ზომებზე. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან საქართველოს ქალაქებში დგანან საზოგადოების ის ნაწილი, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო უყვართ ქვეყანა და სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია. ეს არის სიმართლე, რომელსაც უნდა შეეგუოს ყველა.
ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული. სხვა გზა არ არის, რადგან სხვა გზა არ დაუტოვა არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან და თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად თქვენი ყველასი, თითოეულის იმედი. იმიტომ, რომ ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებთ ვინმე ბელადის ხელით და ვიღაცის მხოლოდ იმედით, შენ რომ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაცა თავისით მოხდება. ეს მოხდება მხოლოდ, თუ ყველანი ვიქნებით ბოლომდე ჩართული. როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ. მე შემიძლია ერთი რამე დაგპირდეთ, რომ ბოლომდე მე ვიქნები ჩართული, ყველა იმ ძალისხმევით, რაც მე შემიძლია ამ ქვეყნისთვის. ეს იწყება საზღვარგარეთ. მე თქვენი სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. იქ გვყავს ძალიან ბევრი მეგობარი, რომელსაც გული შესტკივა საქართველოზე და რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალი დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.