ჩვენ არ დავუთმეთ რუსეთს არც ჩვენი ევროპული გზა და არც დამოუკიდებლობა და აბა, შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ?! არც არაფერს. მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების დანიშვნის საკითხზე შექმნილია დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას სულ მალე წარედგინება.
“რა მოხდა დღევანდელ დღეს, ვინ შემოვიდა საქართველოში ვითომდა მშვიდობის მტრედი, რომელთანაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მოაწერა ხელი ხელშეკრულებას, რომ მშვიდობასა და სუვერენიტეტის აღიარებას მოუტანდა 1920 წლის 7 მაისს. მელანი გამშრალიც არ იყო, რომ შემოაბიჯა რუსულმა ჯარმა. ეს არის რუსეთი. დღესაც, პროპაგანდა რომ გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა, ეს უნდა გავიხსენოთ. მაშინაც ამას ეუბნებოდა რუსეთის პროპაგანდა საქართველოს, რომ თურმე ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და მათ უნდოდათ ომი და რუსეთს – მშვიდობა. დაუჯერა რუსეთს, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და შედეგიც იმ დღეს დადგა, 25 თებერვალს შემოაბიჯა რუსეთმა რუსთაველზე.
ჩვენ იმიტომ ვდგავართ აქ დღეს, რომ ეს დღე არასოდეს აღარ განმეორდეს, იმიტომ, რომ რუსული ოკუპაცია ერთხელ დამთავრდა და მეორედ აღარ უნდა შემოვუშვათ. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს, მაგალითი იყო თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან თავიანთი სიცოცხლე დადონ სასწორზე და დაიცვან სამშობლო. მათ დაგვიტოვეს ძალიან დიდი მაგალითი, იმედი და მართლაც, საქართველომ გაამართლა იმედი. ამ ბნელი წლების მერე დადგა 31 მარტი, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღე, დადგა 26 მაისი. ამიტომ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება და არ თმობს თავის მომავალს და დამოუკიდებლობას. ამის მაგალითი დღეს ცოცხალია, საზოგადოება, რომელიც დღეს აქ დგას 90 დღე, ეს საზოგადოება არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად აწყობენ.
ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, ჩვენ არ დავუთმეთ რუსეთს არც ჩვენი ევროპული გზა და არც დამოუკიდებლობა და აბა, შინაურ რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ?! არც არაფერს. ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას. ეს რეჟიმია და არა მმართველობა. აღარ იციან, რა გააკეთონ. გადაიქცა ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად.
მე მჯერა თქვენი და მჯერა, რომ მივდივართ სწორ გზაზე. ამის გეგმა არის ერთი – ახალი არჩევნები. ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც ითხოვენ ახალ არჩევნებს. ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში კრიზისია.
უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები, ამაზე მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, თუ რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. უნდა მოვამზადოთ კომისიის ჯგუფი და დამკვირვებლები, მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მეორედ ვერავინ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენი, ყველას გასაკეთებელი. ეს უნდა დავიწყოთ დღეს. ასევე, ჩართული ვარ, რომ შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.